X მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„ხვალ საშემოდგომო სესია იხსნება. ზაფხული, მართალია, საპარლამენტო საქმიანობისთვის შესვენების პერიოდია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია, ყველა ამ საკითხებით იყო დაკავებული. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია, ჩვენ უფრო შემჭიდროებული სესია გვექნება, სადაც მხოლოდ ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რადგან ყველა კოლეგას, რომელიც წინასაარჩევნო პროცესებშია ჩართული, მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3-6 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები „ამნისტიის შესახებ” და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტებს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავენ.
კანონმდებლები ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.