მედიცინის მეცნიერებათა აკადემია საგანგებო განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. განცხადების თანახმად, აკადემია ეხმიანება საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეულ შედეგებს და პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს დაუყოვნებლივ ზომების მიღებას სთხოვს. განცხადების მიხედვით, ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით11 ათასი ადამიანი იღუპება, დაავადებების პრევენციის მიზნით კი, ყოველწლიურად, ქვეყანაში ერთ მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება, მათ შორის 200 000 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე თამბაქოზე მიჯაჭვულია, დამატებით 40 % კი რეგულაციების არარსებობის და არსებული კანონმდებლობის არაეფექტურობის გამო იძულებულია მეორადი კვამლი ისუნთქოს, მათ შორის განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არის ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლე. მედიცინის მეცნიერებათა აკადემია პარლამენტს შეახსენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები წლებია თამბაქოსგან თავსუფალ გარემოს ელოდებიან და ამ საკითხში მათი მხარაჭერა 80%-ს აჭარბებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტი თქვენი ხელმძღვანელობით მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად დაიცავს ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამასთან, ჩვენი აკადემია უერთდება თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინიციატივას, რომ საქართველო 2030 წელს გამოცხადდეს თამბაქოსგან თავისუფალ ქვეყნად (ანუ თამბაქოს მოხმარება მინიმუმ 5%-მე დავიდეს) რაც რეალურად განხორციელდება, თუ პარლამენტი უახლოეს პერიოდში მიიღებს თამბაქოს კონტროლის ყოველისმომცველ კანონს და დააწესებს მონიტორინგს მის აღსრულებაზე”.
განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი რამაზ ხეცურიანი და აკადემიის წევრები. პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მიხედვით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით საქართველოში მოწევა უნდა აიკრძალოს. ცვლილებათა პროექტების მიხედვით, ასევე აიკრძალება თამბაქოს პროდუქციის პოპულარიზაცია და რეკლამა.