პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – 0 წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, 0 წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, 0 წინააღმდეგი).
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭიროა როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები.
საერთო ჯამში კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა, რის გამოც კენჭისყრები შეწყდა და ტექნიკური შესვენების შემდეგ გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საბოტაჟია ოპოზიციის მოქმედება, ჩააგდოს კანდიდატები.
ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი წევრის ადგილია ვაკანტური.