საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, დამტკიცებული ვერსიის გამოქვეყნებამ წერტილი დაუსვა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სოციალურ ინიციატივას _ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამა ოფიციალურად გაუქმდა. სანამ ცენტრალური ხელისუფლება ამ ნაბიჯს “უსარგებლო და ფიქტიური” მექანიზმის მოშორებითა და ბიუჯეტის გაჯანსაღებით ამართლებს, რეგიონებში სრულიად სხვა რეალობა იკვეთება _ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კითხვებს არ პასუხობენ, პასუხისმგებლობას კი თბილისს აკისრებენ.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინიციატივის მთავარი მიზანი სიღარიბის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში დასაქმების მოტივაციის გაჩენა იყო.
თავდაპირველად ეს ინიციატივა დანახული იყო, როგორც სოციალურად დაუცველთა გამაძლიერებელი და მათი ღია ბაზარზე დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმი, თუმცა, რეალობა მალევე შეიცვალა. უკვე 2023 წლის ბიუჯეტიდან მოყოლებული, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მოხსენიებული იყო სამუშაოდ, რომელიც “განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას არ საჭიროებს”.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მილიონობით ლარი იხარჯებოდა: 2022 წელს _ 48.1 მლნ ლარი; 2023 წელს _ 107.3 მლნ ლარი; 2024 წელს _ 109 მლნ ლარი; 2025 წელს _ 112.8 მლნ ლარი.
ჯამში, 2022-2025 წლებში ინიციატივაზე 352 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდა, საზოგადოებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ქვეპროგრამის განხორციელების სიღრმისეული ანალიზი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ერთიანი, ჰარმონიზებული სოციალური პოლიტიკის არარსებობის პირობებში, სოციალურად დაუცველი ადამიანები მთავრობისგან ერთგვარ ექსპერიმენტებს დაექვემდებარნენ, რამაც მათი მოწყვლადობა კიდევ უფრო გაამწვავა.
როგორ მუშაობდა პროგრამა ადგილებზე, ამის საილუსტრაციოდ 2022 წლის მაისში ჩოხატაურის მაშინდელი მერის, დავით შარაშიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც კმარა _ იგი სიამაყით აღნიშნავდა, რომ პროგრამა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა:
“ამ პროგრამის ფარგლებში სუფთავდება სოფლების ცენტრები, სანიაღვრე არხები, სასაფლაოები, ადმინისტრაციული შენობები, ასევე, მემორიალური დაფების გაწმენდა-დასუფთავება ხდება. ნებისმიერი სამუშაო, რაც კი სოციალურად დაუცველებს შეუძლიათ შეასრულონ, მიმდინარეობს ამ პროგრამის ფარგლებში”, _ აცხადებდა შარაშიძე.
მაშინვე გამოიკვეთა საინტერესო დეტალი ანაზღაურების გაცემის წესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დასაქმებულებს 300 ლარი სრულად და დაუბეგრავად უნდა აეღოთ, ჩოხატაურის მერმა დააკონკრეტა, რომ მუნიციპალიტეტი თანხას შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაწილებდა:
“ვინმეს ილუზია თუ შეექმნება იმის, რომ არ იმუშაოს და ხელფასი ჩაერიცხება, ასე არ იქნება. მერის წარმომადგენლები აკონტროლებენ ყოველდღიურად ამ ხალხს. არის ჟურნალი, ტაბელი ჰქვია და ამ ტაბელში აღინიშნება, ყოველი პიროვნება ყოველდღე რა სამუშაოს შეასრულებს. ამის მიხედვით ხდება ხელფასის გაცემა. ვიღაცამ შეიძლება 10 დღე იმუშავა, ვიღაცამ _ 20, შესაბამისად, ვინც ნაკლები იმუშავა, იმას ნაკლები ანაზღაურება ექნება, ვინც მეტი იმუშავა, იმას _ მეტი”, _ ამბობდა დავით შარაშიძე 2022 წლის 18 მაისს ჩვენთან საუბრისას.
თუმცა, BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ დაფიქსირდა ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის კლება 2025 წელს და 2026 წლის I კვარტალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ამ პროგრამის გაუქმება დაასახელა და ინიციატივას, რომელზეც ასობით მილიონი დაიხარჯა, “უსარგებლო” უწოდა:
“დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, რაც არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 ათასი ადამიანი იყო რეალურად ფიქტიურად დასაქმებული. სინამდვილეში ისინი დასაქმებულად ითვლებოდნენ, მაგრამ იღებდნენ ისევ სოციალურ დახმარებას. ასეთი იყო დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ფიქტიური იყო. ამან დაახლოებით 29 ათასით დასაქმებულთა შემცირება გამოიწვია. რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ ეს ერთი ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ შემცირებას. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად 29 ათასით შემცირდა დასაქმებულთა მაჩვენებელი. დანარჩენი დასაქმება პირიქით, გაზრდილია”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამის შემდეგ გურიის მუნიციპალიტეტებს (ოზურგეთს, ლანჩხუთსა და ჩოხატაურს) კონკრეტული კითხვებით მივმართეთ:
_ ფიქსირდებოდა თუ არა მათ მუნიციპალიტეტებში ფიქტიური დასაქმების შემთხვევები?
_ თუკი ადამიანები რეალურად არ მუშაობდნენ, რის საფუძველზე აწერდნენ ხელს ადგილობრივი სამსახურები ყოველთვიური სამუშაოს შესრულების ტაბელებს, რის შემდეგაც ბიუჯეტიდან 300-ლარიანი ანაზღაურება გაცემოდა?
_ ვინ ჩაანაცვლებს ამ ადამიანებს სოფლებში საყოფაცხოვრებო თუ დასუფთავების სამუშაოებზე?
_ რა ბედი ეწევათ ამ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველთვიურ 300-ლარიან შემოსავალს კარგავენ?
16 ივნისის მდგომარეობით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მერიებს კანონით დადგენილ ვადებში პასუხი საერთოდ არ გაუციათ. პასუხი მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დააბრუნა 8 ივნისს, თუმცა პასუხისმგებლობა სრულად აირიდა და სხვა უწყებისკენ გადაგვამისამართა:
“თქვენი განცხადების პასუხად, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამას ახორციელებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო”. თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ აღნიშნულ უწყებას”.
მოგვიანებით, 3 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდანაც მივიღეთ პასუხი, სადაც ჩოხატაურის მსგავსად, პასუხისმგებლობა ისევ სამინისტროს გადააბარეს. წერილში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციის უფროსი გენო მორჩილაძე აწერს, ვკითხულობთ:
“სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამას ახორციელებდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისად, თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ აღნიშნულ უწყებას”.
ინფორმაციისთვის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს შესაბამისი კითხვებით 9 ივნისს მივმართეთ. თუმცა, პასუხი უწყებიდან ამ დრომდე არ მიგვიღია და მიღების შემთხვევაში აუცილებლად შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, ცვლილებები შევიდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესშიც. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში დაწესდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს. ოფიციალური ვერსიით, აღნიშნული ნაბიჯი ბაზების ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რეფორმის მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ადამიანები დარჩნენ, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
ავტორი


































































