იყო ერთი ფირალი სერაპიონ გოგუაძე, ,,პატარა ავი კაცი. დუუმაგრებელი”. სოხუმში კაცი მოკლა და 12 წლიანი კატორღა მიუსაჯეს. უნდა გადაესახლებინათ და გამგზავრების წინ საპირფარეშოში შესვლა მოითხოვა.
,,ტვალეც ქონებია ზღვის კიდეზე გაყვანილი… ძლივს რუმ კაცი გიეტევა შით, იმფერი ტრუბა, ტვალეტიდან გაყვანილი”. შეუშვეს საპირფარეშოში, გავიდა ხანი და აღარ გამოდის ტუსაღი. გააღეს კარი და სადაა? გაქცეულა. ცურვა კარგი სცოდნია და დააღწია თავი საპატიმროს, მაგრამ ცოტა ხნით. მალე ბათუმში დააპატიმრეს, ჩასვეს რომელიღაც ძველ საპატიმროში. გოგუაძე მესამე სართულზე მდებარე საკანში მოათავსეს, სადაც მან პატიმრებს გაქცევაში დახმარება სთხოვა _ უეჭველი ,,სიკტილი მომელისო”. პატიმრებმა არ დაახანეს, ერთმანეთზე გადააბეს ზოგმა პირსახოცი და ზოგმა რა. გადაუშვეს ქვევით იმპროვიზირებული თოკი. ჩაცოცდა გოგუაძე, ერთ სართულს ჩასცდა, მაგრამ ნაფსკვენი გაიხსნა და მეორე სართულიდან ცემენტზე დაეცა მუხლებით და ,,ერთი მუხლის ჩაშკა გუუტყტა. დაკოჭტა, წამევიდა იქედან”.
მან სახლს მიაშურა, სადაც ცოლი და სამი შვილი ეგულებოდა. თავის დროზე ,,კაი ქალი მართლა” მოიტაცა, ძალით წაიყვანა. ,,თუ არა მუუტაცებელი, იმას არ წახობოდა ი ქალი”. სახლამდე ვერ ჩააღწია, გზაში შეუერთდა შემოქმედელ ფირალს ლომთათიძეს, ,,უკეთესს დედა რომ ვერ შობდა”, რომელმაც ძმის მკვლელს ნაგანიდან შვიდჯერ ესროლა, ეგონა მოკლა, მაგრამ მკვლელი გადარჩა, თუმცა ინვალიდად დარჩა. ამის შემდეგ ლომთათიძე ტყეში გავარდა. გოგუაძე მასთან ერთად ფირალობდა, მალე მესამედ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. დარჩა ცოლო და სამი შვილი უმწეოდ.
მონათხრობის მიხედვით ეს ამბავი გრძელდებოდა წლების განმავლობაში, სხვადასხვა წყობილების დროს.
ამასობაში ქალს დაუახლოვდა იქაური მცხოვრებელი მოსე ურუშაძე და ცოლობა სთხოვა: ,,რა გინდა იმ კაჩახთან, ამ ბაცანთანო, წამომყევი მეო”. ქალი დათანხმდა და მთელი ოჯახობა ურუშაძესთან გადასახლდა.
ცოტა ხანში გოგუაძემ მოახერხა და ციხიდან გამოიქცა (არსებობს ლეგენდა, რომ რომელიღაც გაქცევისას ის მაღალი სართულიდან ქოლგით გადმომხტარა, რაც ძნელი დასაჯერებელია). სახლში არ მივიდა, მამასახლისთან, ბავშვობის მეგობართან მივიდა _ ჩემს ცოლს გადაეცი, შვილები გამომიგზავნოს და რაც ოქროულობა მქონდა მისთვის ნაყიდი, ისიც მოაყოლოსო. მამასახლისმა ურუშაძეს გადასცა გოგუაძის დანაბარები, იმან კი უარი განაცხადა. არ გასულა დიდი ხანი და ერთხელ მამასახლისის შვილმა მათი ყანას ახლოს შეამჩნია ორი შეიარაღებული კაცი. მაშინვე მიხვდა ვინც იყვნენ, მიაგდო თოხი და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ურუშაძესთან. ის ყანაში მუშაობდა, როცა გაიგო საქმის ვითარება, მოსე გავარდა სახლში, გამოდენა კამეჩები, შემოახტა ცხენს და ერთი თვით მთაში დაიმალა. ფირალები მას იქ ვერ მიწვდნენ. თუმცა, ამან მოსე ურუშაძეს ვერ უშველა. მამასახლისმა გაიგო, რომ ისინი თავის დანებებას არ აპირებდნენ და ისევ გააფრთხილა: ,,ბიძია, კაი კაცი ხარ, ბიჯო, ოქრო კაცი ხარ, ყველას მიაჩნიხარო და მოშორდი ამ ეშმაკსო, წაი ერთი წელიწადი საცხაო”. მან უარი განაცხადა _ ,,იმაზე ნაკლები ვაჟკაცი თუ ვარ, რა მინდაო”. საინტერესოა, რომ სახლში ურუშაძეს ნაგანი ჰქონდა, მაგრამ თან არასოდეს დაატარებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ურუშაძე ყანაში მუშაობდა ,,გავარდა თოფი… პირველი გასროლილი ტყვია მოხთენია. დევინახეთ, რუმე კაღამ შიგანი გამოყრილი საცოდავს და წამევიდა ჩვენსკენ. ბიჯო, მიორე გავარდა. ჩამევიდენ ახლო შით, ორნი არიენ და მოზდევენ ფეხდაფეხ. ამან ჩვენთან ვეღარ მუახწია და ბჟოლი იყო ერთი და მივიდა იმის ძირში და ჩეიკეცა, დაწვა… მივიდა ორვემ. იმას, ლომთათიძეს, ქონდა მაუზერი. ასე ბჟოლზე რუმ აქ თავი მიყუდებული, ამეიღო მაუზერი და თლათ მუაცილა თავი”. ეს ამბავი ქალმა შეიტყო, გავარდა ყანაში და ლომთათიძეს ,,იეტაკა ტუჟურკაში ქალმა, არაფერდიდებით ხელი არ გუუშვა, ვერასფელობაამდი ვერ მეიცილა”. ლომთათიძეს გოგუაძეს შესძახა, რა ვუყო, ბიჯო, ამ დედაკაცსო? ,,არც მოკტეს და არც მორჩეს, ისე დატიეო”, _ უპასუხა ყოფილმა ქმარმა. ლომთათიძემ მაუზერი ესროლა ფეხებში და ორივე მოსტეხა. ფირალები რომ წავიდნენ, მიხოხდა ურუშაძესთან და გადაეხვია.
ქალი ოზურგეთში გადაიყვანეს, ის მომჯობინდა. სახლში რომ დაბრუნდა ქუხნა ორას ფუთ სიმინდთან ერთად გადაწვა, თავად კი ბავშვებთან ერთად თბილისში გადასახლდა. იქ ფეხებში ჩაუვარდა ფილიპე მახარაძეს და ყველაფერი მოუყვა, მიშველეო. ,,შიეცოდა ფილიპეს, ბინაც აშონია, ი სამი ბაღნები გაზარდა იქინე და იქინე მოკტა ი ქალიც…”
ფირალებს რა ბედი ეწიათ, ჩემთვის უცნობია.
წყარო: ,,მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან”.