“ინვესტორები და მეწარმეები დრევანდელი გურიის მმართველი კლანის ძალადობრივი მანიპულაციების მსხვერპლი ხდებიან. არსებობს არაერთი კონკრეტული მაგალითი მესაკუთრეებთან დავისა, როცა ძალით ართმევენ ქონებას. ზოგადად კი ხელი ეშლება ინვესტორს, _ ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარემ შოთა გოგიბერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გოგიბერიძის თქმით, ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს, როგორც ხალხის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს. ამიტომ საჭირო იქნება აქციების დაწყება, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა ერთიანი ფრონტით დავუპირისპირდეთ ხელისუფლების თავგასულობას.
გურია ნიუსის კითხვაზე, როდის აპირებს აქციების დაწყებას „პატრიოტთა ალიანსი“, შოთა გოგიბერიძემ განაცხადა, რომ მათი ლიდერის დავით თარხან-მორავის მითითებით, ეს უნდა დაიწყოს აპრილის პირველივე რიცხვებიდან.
_ბატონო შოთა, თქვენ ისაუბრეთ უამრავ პრობლემაზე და აღნიშნეთ, რომ მდგომარეობა უმძიმესია ყველა მიმართულებით. თუ შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული რამ, რაც გაკეთდა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?
_ჩემთვის მთავარია შეიქმნას სამართლებრივი სახელმწიფო, მიღწეული იქნეს სერიოზული ეკონომიკური წარმატებები და საზოგადოების დაცულობის ხარისხი მაღალ ნიშნულზე იყოს. თუ ამას არ ემსახურება ხელისუფლება, ის არ იმსახურებს ჩვენს ქვეყანას ედგეს სათავეში. ჩვენ პირველები ვართ, ვინც აანონსებს ძალიან მძიმე აქციებს. რაც შეეხება გზის თუ საბავშვო ბაღების აშენებას ან სახლის გადახურვას, ამას ისედაც უნდა აკეთებდეს ხელისუფლება და ამისთვის მადლობას არ იმსახურებს. გააჩნია კიდევ, როგორი ხარისხით კეთდება ესა თუ ის გზა ან შენობა, _ თქვა გოგიბერიძემ.