“ქართლის ამბების” ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გორის პატრულის ყოფილი ოცმეთაურის სასარგებლოდ 35 750 ლარის ოდენობით მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
საქმე ეხება გორის გვირაბთან მომხდარ შემთხვევას, როდესაც პატრულის თანამშრომლებმა მანქანის შესაჩერებლად გზა ტრაილერით გადაკეტეს. ტრაილერს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.
ფაქტთან დაკავშირებით 2017 წლის 9 აგვისტოს ბრალი ოცმეთაურსა და პატრულის ორ თანამშრომელს წარუდგინეს. ოცმეთაური გორის სასამართლომ გაამართლა.
გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე, ყოფილმა ოცმეთაურმა 100 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა:
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურა მას მატერიალური ზიანის სახით 23 750 ლარს (მიუღებელი ხელფასი) და მორალური ზიანის სახით 12 000 ლარს აუნაზღაურებს.

































































