ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობის მიზეზებს განმარტავს:
_ ჩემს რაიონში, რადგან ბევრი მუსლიმი ცხოვრობს, ჩვენ დავკარგეთ ბევრი ხმა, იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ქალბატონია. ქვემო ქართლში მუსლიმ მოსახლეობას უფრო მამაკაცი ერჩივნა.
ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს ქალბატონ სალომეს. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს მოსაგვარებელი. ეკონომიკური ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მკვეთრად დავატყოთ თანამოქალაქეების ჯიბეს.
ვთვლი, რომ ვალდებულება უნდა ავიღოთ, რომ 400-ლარამდე გავზარდოთ პენსია. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. წესით, ჩვენ უნდა ავიდეთ 7%–იან ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე, მეტ ყურადღებას მივაქცევდი განათლებასა და საბავშვო ბაღების გაუმჯობესებას.
გეგმები არის და ვფიქრობ, რომ ყველა მიმართულებით მომავალ 6 წელიწადში დიდი გარღვევა იქნება.
_ ბატონო კახაბერ, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, ეს გეგმები არ განხორციელდება? თუ პრობლემები რომ იყო ქვეყანაში, ხელისუფლებას არჩევნებამდე აღარ ახსოვდა?
_ არამგონია, ბატონმა გრიგოლმა გაიმარჯვოს. ვთვლი, რომ სალომე გაიმარჯვებს. მინდა ყველა კანდიდატების მიმართ დავაფიქსირო პატივისცემა. ბატონ გრიგოლს ჰყავს მოტივირებული ამომრჩეველი და პრაქტიკულად, ვინც უჭერდა მხარს, ყველა მივიდა საარჩევნო უბანზე. მათ აიღეს მაქსიმუმი და ვეღარ გაზრდიან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბაქრაძის მხარდამჭერების ნაწილმა მისცეს ხმა.
ამომრჩეველმა „ყვითელი აუნთო“ და გაფრთხილება მისცა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ვთვლი, რომ მეორე ტურში, ტრადიციულად, „ ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მოვა და ხმას მიცემს“, _განაცხადა ოქრიაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა _ 38,64 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ _ 37, 74 %, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.