ფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იჯარის წესით დამუშავების უფლება აუქციონის წესით ჰქონდათ მოპოვებული, ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვას შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, – განმარტა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს.