“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ეუთოში აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადება შეაფასა.
“გზავნილები აშშ-დან მიგვანიშნებს ერთ რამეზე, რომ “ოცნებამ” თუ შეინარჩუნა ძალაუფლება, თუ გააყალბა არჩევნები, თუ გააყალბა ქართველი ხალხის ნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აღმოვჩნდებით სრულ იზოლაციაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მხრიდანაც, რაც ნიშნავს სიღარიბეს, სიღატაკეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვექნება საშუალება, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, არათუ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ იმას, რომ ჩვენ აღმოვჩნდებით სრულად მოწყვეტილი დემოკრატიულ სამყაროს, რაც ნამდვილად არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა აშშ-ში და სწორედ ამიტომ აფრთხილებენ “ქართულ ოცნებას”, რომ გონს მოეგოს, ნუ დაადგება ლუკაშენკოს გზას და ნუ გადააქცევს საქართველოს ბელორუსად, იმიტომ რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რათა საქართველო ყოფილიყო საერთო ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ჩვენ გვეცხოვრა იმ ფასეულობებითა და ღირებულებებით, რაც ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებშია. ეს მისცემდა საქართველოს განვითარებისა და პროგრესის საშუალებას, მაგრამ ბოლო 12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა აირჩია თავისი საკუთარი გზა – დიქტატურის, იზოლაციისა და საქართველოს რუსეთთან მიერთების გზა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი ამერიკის შეერთებული შტატებში”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.