ბატონი კახი კავსაძე ფეხბურთის დიდ გულშემატკივრობასთან ერთად ჩინებული მოთამაშეც გახლდათ. მას რუსთაველის თეატრის გუნდში არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია და ხშირად მეტოქის კარში გადამწყვეტი გოლებიც გაუტანია.
„რუსთაველის თეატრის რეპერტუარში მრავალი წელი გვქონდა სპექტაკლი “ხანუმა”. ჩვენს თეატრში დირიჟორი გვყავდა – ლევან ოგანეზოვი. შესანიშნავი მუსიკოსი, კარგი ადამიანი. ერევნის “არარატისა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრები ლამის ისტორიული ფაქტი იყო. შეხვედრებზე ერევნიდან უამრავი გულშემატკივარი ჩამოდიოდა ხოლმე. ბევრს ნათესავიც ჰყავდა თბილისში, სომხები იჩემებდნენ – ჩვენ ვართ მაგრებიო, ჩვენც ტოლს არ ვუდებდით. უჰ, რამდენი ნაძლევი დადებულა თბილისში, უბნებში, სამეგობროში…
მოკლედ, როცა “ხანუმა” ამ ორი გუნდის თამაშს ემთხვეოდა, სპექტაკლის დროს ეროსი მანჯგალაძე საგანგებოდ გავიდოდა ხოლმე სცენის წინა მხარეს. დირიჟორი ხომ ზურგითაა მყურებლისკენ, პირით კი სცენას უყურებს. ეროსის კი როლის მიხედვით ქამარ – ხანჯალი ჰქონდა შემორტყმული.
ჰოდა, რამდენი ბურთიც იყო გასული “არარატის” კარში, იმდენჯერ ამოიღებდა და ჩააგდებდა ხოლმე ხანჯალს ქარქაშში ლოვას დასანახად და აგრძელებდა სპექტაკლის თამაშს. ერთ რამედ ღირდა მათი სახეების დანახვა.
და თუ “არარატი” მოგვიგებდა, ბურთების რაოდენობის მიხედვით ახლა ლოვა ჩაჰკრავდა ოსტატურად დირიჟორის ჯოხს და იყო ერთი პაექრობა.
ერთხელაც ისე მოხდა, რომ ერევნის “არარატი” ბოლო ადგილზე აღმოჩნდა გათამაშების ცხრილში. ეს ჩვენი დირიჟორი დიდი ამბით ჩაჰკირკიტებს გაზეთს.
მე ვუთხარი:
– ლოვას ვენაცვალე, შეაბრუნე და თავში მოხვდება – მეთქი…
არა, მაინც რა განსაკუთრებული ფენომენი იყო მუდამ თბილისის “დინამოსა” და ერევნის “არარატის ” შეხვედრები? ამის ახსნა შეუძლებელია.
ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“