ახალგაზრდობაში ბატონი სოსო ჯაჭვლიანი სვანეთის ტყეებში თურმე „ფირალად“ გავარდნილა.
„მერვე კლასში მასწავლებელმა ექსკურსია ჩაგვიშალა. ავიყოლიე ჩემი ერთუჯრედიანი თანაკლასელები და უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველი გეგმა შევიმუშავეთ.
ჭირში თუ არ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, ლხინის სუფრასთან ყველა ნაძირალას შეუძლია ძმობა–მეთქი, გამოვაცხადე. მართალი ხარო, მითხრეს. ავიღე საკონტროლო წერისთვის განკუთვნილი თორმეტფურცლიანი რვეული, რადგან ამ საქმისთვის აღარ დამჭირდებოდა და მომავალ „ყაჩაღთა“ სია ჩამოვწერე. ათნი შევგროვდით. აქვე უნდა აღგვენიშნა, ვინ რას წამოიღებდა სახლიდან „ფირალური“ ცხოვრებისთვის. ტვილდიანმა ჩამაწერინა, ძვირფასი ყავის სერვიზი, ორი კონიაკი და ექვსი ცალი შამპანურის ფუჟერი. კარგია–მეთქი, – შევაქე, თუ გაგვიჭირდა, გავყიდდით. მე ერთი ყულაბა ხურდა ფულს წამოვიღებო – თავი გამოიდო ქალდანმა. ეს უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებად ჩავთვალე და წითელი კალმით ჩავუწერე პლუსი.
ლეო ნაკანმა ორი სულგუნი და ხუთი პური ჩამაწერინა. რა ვქნათ, ალბათ, არ აქვს მეტის საშუალება, ხომ არ დავახრჩობთო, – ვთქვით. ნაკანის შეღავათით წახალისებულმა გულედანმა თქვა, მე თოკს წამოვიღებო. შენი ცარიელი თოკიც–მეთქი… – და სიძუნწის გამო არ მივიღე „ყაჩაღთა“ რიგებში.
–ვინეტუ ინ ჩუჩუ! (მივდივართ ყაჩაღად)! – გავეცი ბრძანება და გავიშალეთ ტყეში. გულედანმა მდევარი დაგვადევნა.
მთელი მესტია ანთებული ჩირაღდნებით გვეძებდა ჩვენს მშობლებთან და ნათესავებთან ერთად. ნაკანის მამა, თურმე, ნაკლებად ნერვიულობდა – ორი სულგუნისთვის თავს ხომ არ მოვიკლავო.
მიმათრიეს სახლში. – აი, აი, აი! – მემუქრება მამაჩემი, – მოგკლავ, იერჟი ლუთხიმ (შე მწვანეთავიანო).
როგორც იდეის ავტორს, ყველაზე მეტი მე მხვდებოდა ყოველთვის და მაინც მოხეტიალე რაინდი დონ–კიხოტივით მთელი სიცოცხლე „შესანიშნავი ფათერაკები“ მენატრებოდა“.
ავტორი