ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანში არსებულ ვითარებას ძალიან შემაშფოთებელს უწოდებს.
„ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ“, – დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა, ან შეარყიოს გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმი.
„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგიონში მყოფ ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლოთ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და სრულად პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს“, – დასძინა მან.



























































