საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი კამათში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ჩაერთო. დეპუტატებმა ერთმანეთზე გაიწიეს, მათ გაშველება მანდატურებმა შეძლეს.
დეპუტატები მანდატურებმა დეპუტატის ოთახში გაიყვანეს. დაპირისპირება ოთახშიც გაგრძელდა, თუმცა იქ შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ.
სხდომათა დარბაზში, სადაც ინციდენტი მოხდა, მიკროფონები გამორთული იყო.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, დეპუტატები ერთმანეთს პირადი საკითხის გამო დაუპირისპირდნენ.
“ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს უფლება, პირად საკითხებზე ვისაუბროთ… ბოდიშს ვიხდი, რომ ეს სესიაზე მოხდა ეს. არაფერი არ მომხდარა. პირადი საკითხი იყო და ყველაფერი მშვიდად დამთავრდა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.