შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც 15 დეკემბერს წეროვანში სამი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
“მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 11-14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.