ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა:
„12 წელი ვიყავი „ცისკრის“ რედაქტორი. ჩემს დროს ერთი ასეთი ამბავი მოხდა:
ჟურნალში „პირსისხლიანი მენშევიკების“ ნაცვლად „პირსისხლიანი ბოლშევიკები“ დაიბეჭდა. წარმოიდგინეთ, რა დროა. ვთქვით, რომ შეცდომა გაიპარა, კორექტურაა. დამიძახეს ცეკაში და მეუბნებიან, რა ვქნათ ახლა, არაფერი გამოდის, საყვედური უნდა მოგცეთო. – კი ბატონო, – ვთქვი მე.
გადაწყდა საქმე. უკვე გამოვდივარ ოთახიდან და მესმის: „ჯანსუღ, პირად საქმეში შეტანით მოგცემთ, რა? – კი, კაცო, კი, შენი ჭირიმე-მეთქი. ასე გვაძლევდნენ საყვედურებს, თუ ეს რამეს ნიშნავდა“.