ოზურგეთის ცენტრში, სადაც ლანდშაფტისთვის შესაფერი მარადმწვანე და ყინვაგამძლე კავკასიური ჭანჭყატის ლამაზი გაზონები სამი წლის წინ გაკეთდა, დღის ყოველ მონაკვეთში ნახავთ ძროხებს, რომლებიც ამ მარადმწვანე ბუჩქოვან მცენარეებს შეექცევიან.
„გურია ნიუსის“ კამერამ სწორედ ეს ფაქტი დააფიქსირა, როცა ქალბატონი ცდილობდა ჯოხით მოეშორებინა ბუჩქებისთვის პირუტყვი.
„შენი ჭირიმე კადრში არ მომახვედრო, ეს სამგლე ვერ მომიშორებია ამ გაზონებისთვის და ახლა მაგას პიარში ჩამითვლიან, მარტო ძროხას გადაუღე, იქნებ, შეშინდეს და მოშორდეს აქაურობას, _ გვითხრა მან ფოტოკამერის დანახვისას და მოშორებით გადაინაცვლა (სხვათა შორის, ეს ქალბატონი მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელია).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხს მალე საკრებულოს განკარგულების მიხედვით დაარეგულირებენ.
გუშინვე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო დადგენილება: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვრში ან პლაჟზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.
ამ საკითხის შესახებ, დეპუტატმა ნანული ორაგველიძემ მოითხოვა ზოგი რამ დაზუსტებულიყო და დადგენილებაში შეეტანათ შესწორება. კერძოდ:
_ ეს ფორმულირება მისაღებია სრულიად მუნიციპალიტეტში, შეესაბამება სოფლებს, გარეუბნებს თუ სხვას, სადაც არის სკვერები, ბაღები. ქალაქ ოზურგეთისთვის კი ეს ფორმულირება არ არის საკმარისი. უნდა ჩაემატოს მთლიანად ქალაქის შიგნით და შემოგარენში, სადაც არის თუნდაც პატარა გამწვანება, რომ პირუტყვისგან იქნეს დაცული და მისთვის კონკრეტული წესი იქნეს დადგენილი“, _ თქვა მან.
სავარაუდიდ, საკრებულო ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს და ოზურგეთის გაზონების ძროხებისგან განადგურებას შეაჩერებენ.