იმისთვის, რომ ახალგაზრდები მეტად ჩაერთონ არაფორმალურ განათლებაში, გაიღრმავონ ინტელექტი და ცოდნა, დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ისწავლონ გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა, გამოიმუშაონ სხვადასხვა სახის უნარები, ა(ა)იპ LYM მოძრაობის ინიციატივით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პირველად გახორციელდა პროექტი _ “ინტელექტუალური ახალგაზრდული ფესტივალი”.
პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქეთი წილოსანის ინფორმაციით, ინტელექტუალური ფესტივლის მონაწილეები იყვნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში მცხოვრები 14-17 წლამდე 100-ზე მეტი ახალგაზრდა.
“აქტივობები დაყოფილი იყო რამდენიმე ეტაპად:
სპორტულ-ინტელექტუალური თამაში “გემობანა”, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, გამოავლინონ საკუთარი ინტელექტი, გუნდურობა და სპორტული შესაძლებლობები.
ინტელექტუალური თამაში _ “რა? სად? როდის?”, სადაც ახალგაზრდებმა გამოავლინეს მათი ცოდნა და ინტელექტი ზოგად განათლებაში.
ოლიმპიური თამაშები, სადაც ახალგაზრდებმა გუნდურად წარმოაჩინეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სამოსით, ისტორიით, კულტურით, სიმღერით, კერძებით და სხვადასხვა აქტივობებით.
დასკვნითი ღონისძიება _ საქართველოს კუთხეების წარმოჩენა, სადაც ახალგაზრდებმა გუნდურად წარმოაჩინეს ჩვენი კუთხის ტრადიციები სიმღერით, ცეკვით, სამოსით, ისტორიით, კერძებით და სხვადასხვა პერფორმანსებით”, _ ამბობს ქეთი წილოსანი და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, მხარდამჭერსა და გულშემატკივარს.
მისივე ინფორმაციით, ინტელექტუალური ახალგაზრდული ფესტივალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და “ფონდი ტასოს” ერთობლივი მხარდაჭერით გახორციელდა.
ავტორი