შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.
“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „TT“-ს ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი – ე.წ. “აბრეზი” და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული თ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა სოფელ ბაკურციხეში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ზუგდიდში დააკავეს 1964 წელს დაბადებული რ.პ. სამართალდამცველებმა, მისი ავტომობილის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული დ.მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო – ხელყუმბარა და ტროტილის 3 ცალი კოჭა.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”,_ ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved