პოლონეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლების სპიკერმა, პიოტრ მულერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მულერმა დაადასტურა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, ჰრუბიესოვის რაიონში აფეთქება მართლაც მოხდა და შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას მომხდარი ინციდენტის დეტალების დასაზუსტებლად, რასაც მან “სერიოზული” ვითარება უწოდა.
„აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება მოხდა“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა
ასევე ეროვნული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელმა იაცეკ შიევიერამ აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლება კავშირშია ნატოს პარტნიორებთან და ამერიკელ კოლეგებთან.
მან დასძინა, რომ პოლონეთი ქვეყანაში ზოგიერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნას ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ დაადასტურა აფეთქება, მათ არ უთქვამთ, რომ რუსული რაკეტები მათ ტერიტორიაზე დაეშვა.
რუსეთი უარყოფს მონაწილეობას და მისმა თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „არავითარი დარტყმა არ მომხდარა უკრაინა–პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ობიექტებზე“.
The Associated Press – თან და The Washington Post–თან აშშ–ს დაზვერვის ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პრჟევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.
ავტორი