პოლონეთმა უკრაინას MiG-29-ის ტიპის რამდენიმე ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ საგარეო საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მრჩეველმა, მარჩინ ფშიდაჩმა რადიო RMF-სთან ისაუბრა.
„რამდენადაც მე ვიცი, რამდენიმე MiG-29 თვითმფრინავი უკვე გაგზავნილია კიევში. ჩემი ინფორმაციით, ტრანსფერის პროცესი დასრულებულია,“ – თქვა ფშიდაჩმა.
ფშიდაჩს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენი ავიაგამანადგურებელი გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ტრანშია ასეთი დახმარებისთვის, რის შემდეგაც, „რა თქმა უნდა, შემდგომ მხარდაჭერაზე იქნება საუბარი“.
5 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ვიზიტის დროს საუბარი იქნება შემდგომი თვითმფრინავების ტრანსფერის შესახებ.
მან, ასევე გაიხსენა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, პოლონეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, აპირებდა კიევში გადაყვანილი თვითმფრინავების შეცვლას უფრო თანამედროვე მანქანებით.
16 მარტს პოლონეთმა პირობა დადო, რომ უკრაინაში 4 MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გაგზავნის. პრეზიდენტ ანდჟეი დუდას თქმით, თვითმფრინავები, რომლებიც გერმანიის ყოფილ დემოკრატიულ რესპუბლიკას ერგო, უკრაინელებს უახლოეს დღეებში გადაეცემათ.
საერთო ჯამში, პოლონეთს 28 MiG-29 გამანადგურებელი ჰყავს, რომლებიც განლაგებულია ქალაქ მალბორკის საჰაერო ბაზაზე.
გარდა პოლონეთისა, 23 მარტს სლოვაკეთმა უკრაინას МиГ-29-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, ავიაგამანადგურებლების ტრანსპორტირებაში უკრაინელ მფრინავებს სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალები დაეხმარნენ.
ავტორი