პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ გდანსკის პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი 21 მარტს დააკავეს.
„საქმეში მიღებული დასკვნები აჩვენებს, რომ ეჭვმიტანილი მოქმედებდა რუსული დაზვერვის სასარგებლოდ, ინფორმაციის მოპოვებითა და შეგროვებით… პომერანიისა და კუიავია-პომერანიის რეგიონების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურებისა და ორგანოების საქმიანობაზე.
მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გადაეცა რუსეთის დაზვერვის სამსახურს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლონეთმა გაანადგურა რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ამზადებდა დივერსიულ აქტებს და აკონტროლებდა უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.