„ქვეყნის მართვის 100%-იანი წილი ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელიც თანამდებობებზე კადრების ყოფნა-არყოფნის საკითხს წყვეტს. თანამდებობიდან ორი პრემიერ-მინისტრის წასვლა ისე მოვინელეთ, რომ მესამე დღეს მათი წარმომავლობის შესახებ საზოგადოებას აღარაფერი ახსოვდა. ბიძინა ივანიშვილმა პოსტებზე სულ ანგელოზები რომ დანიშნოს, ამით არაფერი იცვლება, რადგან მმართველობითი სისტემა არის მანკიერი, რომელიც დომინოს ქვებით არის აშენებული“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, რომელიც გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.
ჩვენ დავინტერესდით, ექსპერტი რამდენად ღირსეულ და პროფესიონალ ადამიანად თვლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა გუშინ გადაიბარა.
„ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე მას საკმაოდ კარგი პროფესიული თვისებები აქვს, თუმცა აღნიშნულზე საუბარს რა აზრი აქვს?! საქართველოში სუპერპროფესიონალები რომ ჩამოიყვანონ, ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ჩვენთან არსებული მანკიერი მმართველობითი სისტემა ჯანსაღ მოქმედებებს არ ცნობს“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.
ექსპერტს, ასევე, ვკითხეთ, რა მოტივით ხსნის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში, „ოცნების“ ლიდერების მიერ ვენეციის კომისიის მხოლოდ ორი რეკომენდაციის გათვალისწინებას, მაშინ, როცა ევროპელ ექსპერტთა ნაწილი მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების მიზნით, „ქართულ ოცნებას“ სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გაზიარებასაც სთავაზობდა.
„ბუნებრივია, მმართველი პარტია ვენეციის კომისიის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს არ გაიზიარებს. სისტემურად „ქართული ოცნების“ დროშაზე ლევან მურუსიძის პორტრეტის გამოჩენა მმართველი პარტიის დასასრულს ნიშნავს. „ქართული ოცნების“ დეგრადაციის პროცესი ამ დრომდეც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა, მაგარამ ახლა ივანიშვილმა საკუთარი პარტიის დასასრული ოფიციალურად გააფორმა“,_ აღნიშნა ხუხაშვილმა.