ოზურგეთი-ჩოხატაურის საავტომობილო გზაზე უკვე გადაადგილება საშიშია _ ყველა ნორმის დარღვევით დატვირთული სატვირთო მანქანები აქ უწყვეტ ნაკადად ეზიდებიან ქვა-ღორღს.
მანქანების სიმძიმისგან გაჩენილი ორმოები, გამკდარი ასფალტი ამ მეწყერსაშიშ ზონაში გამოუსწორებელი კატასტროფის საშიშროებას ქმნის.
იავარქმნილი და განადგურებულია ცხავათას მთის მიმდებარე გზაც; ცხავათაზე ადრე არსებული ტყე-პარკისგან აღარაფერია დარჩენილი.
რაც შეეხება ქვა-ღორღს, მას მდინარე ბახვისწყლისგან ეზიდებიან, რომელიც იქვე, ძიმითთან უერთდება მდინარე სუფსას.
მდინარის კალაპოტი კატასტროფის ადგილს ჰგავს _ გადათხრილი და დანაწევრებული მდინარის აუზი მძიმე სანახავია.
ვინ, რატომ და რისთვის ანადგურებს ბუნებას შტურმით, ვინ “ვერ ამჩნევს” ან “არ ამჩნევს” ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზატკეცილის აოხრებას, ამის შესახებ “გურია ნიუსი“ ვრცელ რეპორტაჟს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.