ფოთში კორონავირუსით ექთანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 48 წლის ექთანი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მორიგე ექთანი იყო და ასევე, დასაქმებული იყო ქალაქის ჰოსპიტალში. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, კესო გედენიძე აცხადებს, მორიგე ექთანს, ირმა თოფურიას კოვიდ-19 მეორედ, 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად მდგომარეობა დამძიმდა. გადავიყვანეთ თბილისში, თსუ–ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ათი დღე მკურნალობდა. დღეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ.