“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული და გადამოწმებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა გამდლიშვილი თანამდებობას აღარ დატოვებს.
ამ თემაზე თავად გამდლიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფდა და არც ადასტურებდა, ვრცელ კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ წასვლის თაობაზე ოფიციალურად განცხადება არასდროს გაუკეთებია:
“მაშინ თქვენს კითხვაზე გიპასუხეთ, რომ პოლიტიკაში რთულია ასე მარტივად განსაზღვრო, მომავალში რას აპირებ. ახლაც იგივეს ვამბობ“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გამდლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც გამდლიშვილის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა, ჩოხატაურის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაც დაიწყო, რაც ღია საუბრებში დეპუტატების ნაწილს არც დაუმალავს.
საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე ამბობდა, რომ თუ ფრაქციის თავმჯდომარეობას შესთავაზებდნენ, უარს არ იტყოდა. ჩვენ მაშინ ისიც გავარკვიეთ, რომ მამალაძის თანამდებობის დაკავება კლოდი მდინარაძეს სურდა, რომელიც აღნიშნავდა, რომ პარტიის გადაწყვეტილების მოლოდინში იყო. თუმცა, როგორც გაირკვა, პარტიამ მამალაძეს და მდინარაძე მოლოდინი გაუცრუა _ გამდლიშვილი თანამდებობაზე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ გახორციელდება.