ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო – სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით.ი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები „მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს“.
„წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები საქართველოში ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ისინი არიან ოპოზიციაში და იქედან ცდილობენ ომის გახსნას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე? საკუთარი ნებით და გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20% – კოდორის ხეობა, ასეულობით სოფლები და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომს და მათ გაუთვლელ ნაბიჯებს.
უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, ასევე დღეს მსოფლიოში და ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება. მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტით, ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ საომარ მოქმედებებში და სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი და შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები.
ჩვენი მთავარი ვალდებულება არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის განმსაზღვრელი ჩვენი კეთილდღეობის. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო – სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული ეროვნული პოლიტიკა და არა ომით, მითუმეტეს წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.