ჩოხატაურში, პრემიერის ინიცირებული პროგრამის _ “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, დუმბაძის ქუჩაზე დაგებული ფილების აყრისა და თავიდან დაგების მომსწრენი არაერთხელ გავხდით. ეს ერთი თვალსაჩინო ფაქტია, რომელიც დაქირავებული კომპანიის არაჯეროვნად მუშაობაზე მიუთითებს, თუმცა, ხალხი კიდევ ბევრ სხვა დეფექტებზეც უკმაყოფილოდ საუბრობდა. გაფრთხილება შპს “აღმაშენებელი ქუთაისმა” არაერთხელ მიიღო, ამჯერად კი, კომპანიას, რომელიც გურიაში, პრემიერის ინიცირებულ პროგრამაზე მუშაობდა, ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
აღნიშნულ საკითხზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს ვესაუბრეთ:
“სამუშაოებს აწარმოებდა “აღმაშენებელი _ ქუთაისი”. ამ კომპანიამ 2 მილიონამდე ღირებულების პროექტი განახორციელა ჩოხატაურში. სამუშაოებს დეტალურად რომ ჩავყვეთ, ეს არის ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე ფილების, ბორდიურების, ფასადების შეცვლა. ასევე, კინოს ყოფილი შენობის ფასადის რეაბილიტაცია. დაიწყო “კრიმანჭულის სკვერის” და ჩოხატაურის ცენტრში ხელოვნების სასახლის წინ არსებული პარკის რეაბილიტაცია, სადაც მხოლოდ ფილები დააგო, სარწყავი სისტემის მიწისქვეშ ჩალაგება უზრუნველყო. მასვე უნდა დაესრულებინა ღობეები და ჭიშკრების ფასადების რეაბილიტაცია, მაგრამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვერ წარიმართა.
ჩვენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ასევე, ქვეყნის მთავრობამ, ყველანაირად ვეცადეთ, ხელი შეგვეწყო კომპანიისთვის და მოტივაციასაც, რომ ახალ წლამდე მაინც დასრულებულიყო ცენტრის რეაბილიტაცია. მიუხედავად ჩვენი მხრიდან ამდენი კომპრომისისა, მათი მხრიდან არ იყო მზაობა, რომ სამუშაო შეესრულებინათ. ამიტომ სახელმწიფომ შეუწყვიტა ხელშეკრულება და გამოაცხადა ახალი ტენდერი”, _ გვითხრა შარაშიძემ.
განცხადება სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმაც გაავრცელა:
“გურიის რეგიონში პროგრამით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის მაისში დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება. თუმცა, კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო პროგრესის გამოსწორება.
პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთში უკვე დასრულდა ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.
ოზურგეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ მოედანს და 1 შენობას. შესასრულებელია კიდევ 1 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ჩოხატაურში დასრულებულია 14 შენობის განახლება. განახლებულია დუმბაძის ქუჩაზე არსებული შენობები, ტროტუარები, გაზონები და 1 სკვერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბაზრის შენობას, მოეწყო ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და 2 პარკი (ე. წ. რამიშვილისა და დუმბაძის პარკები).
რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს, პროექტი ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები”, _ ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ახალი კომპანია, რომელმაც სამუშაოები უნდა შეასრულოს, 19 დეკემბერს გამოვლინდება.
ავტორი