შვილად აყვანის სფეროში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ია ბარამიძემ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აქვეყნებს.
“სასამართლომ ბათილად ცნო გაშვილება, ვინაიდან დავამტკიცეთ, რომ სახელმწიფომ გაშვილების პროცესში მშვილებელს არასრული ინფორმაცია მიაწოდა ბავშვზე. სასამართლომ გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე მიიღო. ჩვენ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ გავაკეთებთ დამატებით შეფასებას. ეს არის სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის მნიშვნელოვანი საქმე”,_ წერს კაიკაციშვილი.
“გურია ნიუსი” არჩილ კაიკაციშვილს დაუკავშირდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუმცა კაიკაციშვილი ამბობს, რომ ვიდრე არ იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილება თემის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით ვერაფერს იტყვის.