კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პრევენციულ ღონისძიებებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოს აპარატიც შეუერთდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით იზღუდება მერიასა და საკრებულოს სხდომათა დარბაზში თემატური საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, ასევე, საკრებულოში დაგეგმილი სხდომების ჩატარება.
„მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების უმრავლესობა დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადიან. დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა ადმინისტრაციის საქმიანობას ზიანს მიაყენებს. დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ თანამდებობის პირებს და სამსახურების უფროსებს, ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ვთხოვთ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას“, _ ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.