საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყოფილი მეთაურის დაკავებას მასობრივი გამოსვლები არ მოჰყვება.
„აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ იმუქრება – არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს. როგორც დღეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.