საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.
ინფორმაციისთვის, გუშინ, 8 ნოემბერს, პრეზიდენტი ორბელიანების სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა პარიზში 10-11 ნოემბერს დაგეგმილ მშვიდობის ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიება კარგი საშუალება იქნება დეპოლარიზაციის მაგალითის მისაცემად.
„ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს. დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი. იმის გათვალისწინებით თუნდაც, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მის სიტყვებს ათონელის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.