შეერთებული შტატების დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ტვერში ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება განზრახ აფეთქებამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია Associated Press სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარომ გამოცემას ინფორმაცია ანონიმურად მიაწოდა, ამიტომ AP სხვა გარემოებებზე არ საუბრობს.
წყარო გამოცემას უყვება, რომ პროგოჟინი მაღალი ალბათობით რუსეთის პრეზიდენტის სამიზნე იყო და აფეთქება ემთხვევა პუტინის “ხანგრძლივ ისტორიას, რომელიც ცდილობს გააჩუმოს მისი კრიტიკოსები”.
მომხდართან დაკავშირებით, პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმაც ისაუბრა. მისი თქმით, არაზუსტია ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს თვითმფრინავი ხმელეთიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, ”ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი ბიზნეს-თვითმფრინავი რუსეთის ქალაქ ტვერში ჩამოვარდა. მგზავრთა სიაში თავად პრიგოჟინიც იყო. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ბორტზე მყოფი ათივე პირი დაიღუპა.