“რატომაა ჩოხატაურში მომატებული ფასები პროდუქტებზე?! ხომ არის მთავრობის დადგენილება, რომ 9 დასახელების პროდუქტზე ფასი არ გაიზარდოს! მაგალითად, შაქარი რატომ ღირს 2 ლარი და 20 თეთრი? დაინტერსდით! იკითხეთ! ცხელ ხაზს უნდა მივმართო, ვინ და რატომ არ ასრულებს მთავრობის გადაწყვეტილებას!” _ აღნიშნული ტექსტით “გურია ნიუსს” მოქალაქემ ცოტა ხნის წინ დაურეკა, რომელმაც დაასახელა მარკეტი, სადაც შაქარი 2.20 თეთრად შეიძინა.
ქალბატონის ზარის შემდეგ “გურია ნიუსმა” მაღაზიებში თავად სცადა გადაემოწმებინა ფასები იმ პროდუქტებზე, რომლებზეც, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზრის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო, _ ეს იმ პროდუქტთა ჩამონათვალია, რაზეც, მინისტრის განცხადებით, იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ფასები არ უნდა გაიზარდოს.
რეალობა კი ჩოხატაურში ასეთი აღმოჩნდა _ ყველა მაღაზიასა თუ მარკეტში თითქმის ერთნაირი ფასებია, გამონაკლისია მხოლოდ ერთი სუპერმარკეტი, რომლის მენეჯერის თქმით, მათ პროდუქციის მარაგი ჰქონდათ, ახალი არ მიუღიათ და ფასებიც, შესაბამისად, არ გაზრდილა.
სხვა მცირე მაღაზიებსა თუ მარკეტებში, სადაც “გურია ნიუსი” იმყოფებოდა, თუ გუშინ და გუშინწინ 1 ბოთლი მზესუმზირის ზეთი ღირდა 2.80 ლარი, დღეს მისი შეძენა 3.20 ლარადაა შესაძლებელი; 1კილოგრამი შაქარი 45-50 თეთრით გაძვირდა, თუ აქამდე მისი შეძენა 1.70-1.75 თეთრად იყო შესაძლებელი, დღეს მისი ფასი 2.20 ლარია. 20 თეთრით გაიზარდა ფასი მაკარონზე; ფასი გაიზარდა წიწიბურასა და ლობიოზეც, მაგრამ, მარაზიების ნაწილში აღნიშნულ პროდუქტებს ფიზიკურად ვეღარ ნახავთ და როგორც ადგილებზე გვეუბნებიან, სავარაუდოდ, ამ პროდუქტებზეც მოიმატებს ფასი.
“გურია ნიუსი” იმ მაღაზიის მენეჯერს დაუკავშირდა, რომელშიც შაქარზე გაზრდილი ფასის გამო ქალბატონი დაგვიკავშირდა.
მენეჯერის თქმით, პროდუქტზე გაზრდილი ფასი მიმწოდებელზეა დამოკიdებული.
“რადგან, ძირითადად, ვადიან პროდუქციაზე ვმუშაობთ, პროდუქტი მოგვაქვს ცოტა რაოდენობით. ამ შემთხვევაშიც, შაქარი შევიძინეთ ქუთაისში. იმდენად მომატებული იყო ფასი (1.85 ლარი), რომ ერთი ტომრის მეტის წამოღება ვერ გავრისკეთ. ფასს ემატება ტრანსპორტირების ხარჯი და 10-15 თეთრი, რომმინუსში არ გადავვარდეთ. სამი დასახელების პროდუქტია, რაზეც მომატებულია ფასი. სხვა დანარჩენზე, მდგომარეობიდან გამომდინარე, ან ცოტა ნაკლებია ან იგივე”, _ გვეუბნება მაღაზიის მენეჯერი.
იგივე გვითხრეს სხვა მაღაზიებშიც: “ფასი დამოკიდებულია დისტრიბუციაზე. ის კიდევ შემომტანზე და მომწოდებელზეა დამოკიდებული. მაღაზიები აქ არაფერ შუაშია”, _ გვითხრეს ჩოხატაურის სასურსათო მაღაზიებში მოვაჭრეებმა.