ქვეყანაში ერთ-ერთი აქტუალური თემა პროდუქტთა ფასების ზრდაა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა კარაქი “პრეზიდენტის” ფოტო, რომლის ღირებულებაც 20 ლარზე მეტი იყო, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რა ხდებოდა ამ მხრივ ჩოხატაურში. ჩვენ ვიმყოფებოდით ქსელურ მაღაზიებში: “ლიბრესა” და “ორ ნაბიჯში”, სადაც ფასები ასე გამოიყურება: “ლიბრეში” 10 ცალი კვერცხის ფასი 5.60 ლარიდან 5.75ლარამდე მერყეობს; გაყინული ქათმის ფასი 7.95-დან 13.95 ლარამდეა; 1 ლიტრი ზეთის ფასი _ 6.90-დან 7.80 ლარამდე, დიდი, 5-ლიტრიანი ზეთი, სააქციო ფასით 6 მარტს 31.99 ლარი ღირდა, ნაცვლად 39 ლარისა; პურის ფასი 2.20 ლარიდან იწყება და 3.29 ლარს აღწევს (გააჩნია პურის სახეობას); ძეხვის ფასი 4.10 ლარიდან იწყება და 14.95 ლარს აღწევს.
“ორი ნაბიჯის” ფასები კი ასეთია: ზეთი 5.95 ლარიდან 9.50 ლარამდე ღირს; პურის ფასი 1-1.20 ლარამდე მერყეობს; კვერცხის ფასი 5.75 ლარიდან 5.80 ლარამდე ადის; თევზი “ორ ნაბიჯში” 6.95 ლარიდან 15.95 ლარამდე ღირს; კარაქი “პრეზიდენტი” 9.95 ლარიდან 12.99 ლარზე ადის წონის მიხედვით.
ჩოხატაურში, საზოგადოების ნაწილი ფასების ზრდასთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” უკმაყოფილებას არ მალავს:
_ რამდენად ახერხებთ თქვენთვის საჭირო პროდუქტების შეძენას?
_ რას ვახერხებ? მთელი თვეა, აგერ 70 ლარით ნაყიდი პროდუქტით გავიტანე თავი. რას ვჭამდი, ახლა მე, მიხვდი შენ?! რას ვიყიდი? შაქარი, ჩაი, ყავა და პური, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი რესპონდენტი.
_ ყველაფერი რომ გაძვირდა, მაგას ჩემი თქმა რად უნდა?! რა საშუალება გვაქვს, ისე ვყიდულობთ. პედაგოგი ვარ, პურის, ზეთის, შაქრის და ასეთი რაღაცეების ყიდვას ვახერხებ, _ ამბობს ნანა ქემაშვილი.
_ რაც აუცილებელია, იმას ვყიდულობ და უმეტეს შემთხვევაში, რაც ყოველდღიურად საჭიროა. ახლა შედარებით დაიწია ფასმა, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ნონა კიწმარიშვილი.
ავტორი