საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,_ აცხადებენ პროკურატურაში.