თბილისის სააპელაციო სასამართლო, ხვალიდან, 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს. საქმე 2005 წლის 3 დეკემბერს, თბილისში, პეკინის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულ ირაკლი გურაბანიძეს ეხება, რომლის მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი შალამბერიძეს, დაახლოებით, 2 თვის წინ, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მსჯავრდებულის დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილი განაჩენი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება პროკურატურის „აგენტი მოწმეების“ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო.
საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული საქმის ორი მთავარი მოწმე „გურია ნიუსის“ მკითხველისთვის კარგად ნაცნობი შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძეა, რომელიც პროკურატურასთან სხვადასხვა მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობენ და მათ ჩვენებებზე დაყრდნობით საგამოძიებო უწყება 11-12 წლის წინ მომხდარ დანაშაულებს გახსნილად აცხადებს.
შოთა შანიძე (მეტსახელი „შიტკა“) და გიორგი მორჩილაძე ასევე მთავარ მოწმეებად გამოვიდნენ 12 წლის წინ, თბილისში, მიცკევიჩის გამზირზე მომხდარ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზეც, თუმცა, მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე მოსამართლე გიორგი დარახველიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმის განხილვა სააპელაციო ეტაპზე ჯერ არ დაწყებულა.
რაც შეეხება ირაკლი გურაბანიძის მკვლელობას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სწორედ შანიძისა და მორჩილაძის ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
რას ეფუძნება ბრალდება
2005 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე N17 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ირაკლი გურაბანიძე მოკლეს.
გამოძიების მასალების თანახმად, გურაბანიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყელის არეში დაჭრეს; მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობის შედეგად ის გარდაიცვალა.
2016 წლის 1 აპრილამდე საქმეზე დაკავებული არავინ იყო, თუმცა, მკვლელობიდან 11 წლის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ დანაშაული გახსნილად გამოაცხადა და ბრალდებულის სახით გიორგიშალამბერიძე დააკავა.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის შს მთავარ სამმართველოში გამოძიება 2005 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს.
შემთხვევიდან 11 წლის შემდეგ კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2015 წლის მარტში განაახლა.
„საქმეზე დაიწყო ინტენსიური გამოძიება, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გარემოებები“, _ აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.
ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია, მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 4 აპრილს გამოაქვეყნა, მაშინ, როდესაც 5 დღით ადრე, ამავე მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, უკვე გახსნილად აქვს გამოცხადებული 12 წლის წინ მომხდარი დავით ოთხმეზურის მკვლელობა.
როგორც აღვნიშნეთ, ორივე საქმის მთავარი მოწმე ამჟამად პატიმრობაში მყოფი შოთა შანიძეა. ორივე საქმეს ერთი პროკურორი _ ამირან გულუაშვილი ჰყავს. ამავე საქმეებში მოწმის სახით გამოდის გიორგი მორჩილაძე, რომელიც შოთა შანიძესთან ერთად ერთ-ერთ საქმეში მსჯავრდებული იყო. მოგვიანებით, მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულისთვის პროკურორ გულუაშვილის მიერ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ამჟამად თავისუფალია.
შანიძე და მორჩილაძე, როგორც ისინი თავად აცხადებენ, ბავშვობის მეგობრები არიან. ზემოთ აღნიშნული მკვლელობების დროს კი, ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა ორივე მათგანს მომხდარი მკვლელობებიდან 11-12 წლის შემდეგ გაუჩნდათ სურვილი პროკურატურასთან ერთანამშრომლათ და როგორც ისინი აცხადებენ, სიმართლე ეთქვათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დავით ოთხმეზურის და ირაკლი გურაბანიძის მკვლელობების საქმეზე გამოძიებისას მიცემული ჩვენებების დროს, 2015 წელს, შანიძედა მორჩილაძე ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს ფაქტი გიორგი მორჩილაძემ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე თავად დაადასტურა.
“ამან მე ბავშვობის ძმაკაცი მომიკლა”; “ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა”; “დამნაშავეა და პასუხი უნდა აგოს”; “ეს არის დამნაშავე, აბა, მე ხომ არ ვარ?!” “ბატონო მოსამართლე, სროლა კარგად შეუძლია”,_ ეს ფრაზები ოთხმეზურისა და გურაბანიძის მკვლელობების საქმეებზე დაკითხვისას მოწმე შოთა შანიძეს ეკუთვნის. „გურია ნიუსი“ ორივე დაკითხვის პროცესს ესწრებოდა და მოწმის ჩვენების აუდიოჩანაწერიც აქვს. სტატიაზე მუშაობის პროცესში, აუდიოჩანაწერების მოსმენისას, იმდენად ერთნაირია შანიძის მიერ გამოყენებული ფრაზები, თითქმის ერთმანეთისგან არ ირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, გურაბანიძის მკვლელობის საქმის მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ, ოთხმეზურის საქმის განმხილველი მოსამართლის, დავით დარახველიძისგან განსხვავებით, შანიძისა და მორჩილაძის ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად მიიღო და გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა. დარახველიძე კი განაჩენში მიუთითებს:
“სასამართლო გაკვირვებას ვერ მალავს მოწმეთა განმარტებებთან დაკავშირებით, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ჯანსაღ აზრს და ლოგიკას”. ასევე, “სასამართლო არასანდოდ და არასარწმუნოდ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს”; “სასამართლო აფასებს მათ სანდოობას და გულწრფელობას და მიიჩნევს, რომ სხვა რაიმე წონადი და ძლიერი მტკიცებულების არარსებობის პირობებში მხოლოდ ასეთი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს”, _ აღნიშნულია ასლან ბეჟანიძის გამამართლებელ განაჩენში.
რა მოხდა 2005 წლის 3 დეკემბერს
“თქვენ ამ საქმის ოქროს მოწმე, მთავარი მოწმე ხართ”, _ ასე მიმართა მოსამართლე ხათუნახარჩილავამ მოწმე შოთაშანიძეს 2016 წლის 13 დეკემბერს, ირაკლიგურაბანიძისმკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე. მოსამართლის ეს დამოკიდებულება კი, შანიძის პასუხებმა გამოიწვია, რომელიც აღელვებული ჰყვებოდა, როგორ მოუკლეს ბავშვობის მეგობარი.
შოთა შანიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ განაწყენებული იყო ნოდარ ჭუმბურიძეზე, მისი მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, მეგობარ ირაკლი გურაბანიძესთან ერთად, 2005 წის 3 დეკემბერს, მივიდა ნოდარ ჭუმბურიძის ბინაში, სადაც ამ უკანასკნელთან იმყოფებოდნენ მისი მეგობრები გიორგი შალამბერიძე, დავით ჩხატარაშვილი, ალექსანდრე წინწკალაძე და იმ დროისთვის მისთვის უცნობი პირი გიორგი ჯაში. როგორც შანიძე ამბობს, ბინაში ირაკლი გურაბანიძესა და ნოდარ ჭუმბურიძის მეგობრებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. განსაკუთრებით აქტიურობდა გიორგი შალამბერიძე. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგაც ურთიერთობის გარკვევის მიზნით, ყველანი ეზოში ჩავიდნენ. შანიძის განმარტებით, ეზოს ჩიხში პირველები ირაკლი გურაბანიძე და გიორგი შალამბერიძე შევიდნენ. იქვე ასევე იმყოფებოდა ყველა ის პირი, რომლებიც ნოდარ ჭუმბურიძის ბინაში დახვდათ; ასევე, შანიძის მეგობრები გიორგი მორჩილაძე და გიორგი შარაბიძე.
როგორც შანიძე ამბობს, ჩიხში შესვლისას დავით ჩხატარაშვილმა შანიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც, შანიძემ მას ხელი გაარტყა; ჩხატარაშვილი დაეცა. ამის შემდეგ, შანიძის თქმით, გიორგი შალამბერიძემ, დაახლოებით, ორი ნაბიჯი გადადგა უკან და დამიზნებით გაისროლა ცეცხლსასროლილი იარაღიდან ირაკლი გურაბანიძის მიმართულებით.
„ირაკლი გურაბანიძის მიმართ გიორგი შალამბერიძის იარაღი იყო დამიზნებით მიმართული. წელს ზემოთ ისროდა შეგნებულად. გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან და დამიზნებით გახსნა ცეცხლი“, _ განაცხადა შანიძემ პროცესზე დაკითხვისას და დასძინა: „იყო არაერთი გასროლა, ისროდა მხოლოდ შალამბერიძე“.
როგორც შანიძე ამბობს, გასროლის შემდეგ, ის და მისი მეგობრები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.
საქმის მეორე მთავარი მოწმე, გიორგი მორჩილაძეც ანალოგიურ ჩვენებას აძლევს სასამართლოს. ისიც ადასტურებს, რომ შალამბერიძემ გასროლა, დაახლოებით, 4 მეტრით დაშორებული მანძილიდან განახორციელა. იყო, დაახლობით, 5 გასროლა.
„სროლები რომ დაიწყო ირაკლი გურაბანიძე გაიქცა, გაქცევისას დაეცა, შესაბამისად პირდაპირ მოხვდა ტყვია“, _ განაცხადა მორჩილაძემ.
შანიძის მსგავსად, მორჩილაძემაც განაცხადა, რომ ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდა დავით ჩხატარაშვილიც, თუმცა, მოწმემ განმარტა, რომ ჩხატარაშვილი ვერ გაისვრიდა, რადგან „შოთიკომ (იგულისხმება შ. შანიძე, ავტ.) დაარტყა და ის ძირს ეგდო“.
განაჩენში აღნიშნულია, რომ „ირაკლი გურაბანიძის სიკვდილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლამ გამოიწვია. ჭრილობის არხის მიმართულება წინიდან უკან, გასროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან“. თუმცა, აქ საგულისხმოა ერთი გარემოება, რაზეც გიორგი შალამბერიძის ადვოკატი ლევან ჯავახაძე მიანიშნებს. როგორც ჯავახაძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, არცერთი ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი, რა მანძილიდან გასროლით მიადგა ჭრილობა ირაკლი გურაბანიძეს რაზეც ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ.
რას ეფუძნება გიორგი შალამბერიძის გამამტყუნებელი განაჩენი
„მოწმეების ჩვენებები კატეგორიულია, თანმიმდევრულია და თანხვედრაშია მტკიცებულებებთან… მოწმეების შოთა სანიძისა და გიორგი მორჩილაძის ჩვენებები არის სანდო და სარწმუნო, თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებთან…“, _ აღნიშნულია გიორგი შალამბერიძის გამამტყუნებელ განაჩენში.
„_მოწმის ჩვენების სანდოობის შესაფასებლად არ შეიძლება მოხდეს აპელირება მის წარსულზე. მოწმის ნასამართლეობას სასამართლო მხოლოდ მაშინ იღებს მხედველობაში, თუკი მოწმე წარსულში ნასამართლევია მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, როგორიცაა დანაშაულის დაფარვა, შეუტყობინებლობა, ცრუ ჩვენების მიცემა და ა.შ. ამ არგუმენტის საპირწონედ, სწორედ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებია არასანდო და მიკერძოებული. ალექსანდრე წინწკალაძე და ნოდარ ჭუმბურიძე სწორედ გურაბანიძის მკვლელობის საქმის დაფარვისთვის და ხულიგნობისთვის არიან ნასამართლევი. თუმცა აღიარებითი ჩვენებების საფუძველზე საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდათ“, _ აღნიშნულია განაჩენში.
სასამართლო განმარტავს, რომ არსებობდა კონფლიქტი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, რომელშიც ერთი მხრივ მონაწილეობდა გიორგი შალამბერიძე, ხოლო მეორე მხრივ ირაკლი გურაბანიძე.
„მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გ. შალამბერიძის მეგობარმა დავით ჩხატარაშვილმა მიიღო დაპირისპირებული მხარისგან დაზიანება, რაზეც ბრალდებულმა შალამბერიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ცდილობდა მეგობრის დაცვას, წარსულში გადატანილი ტრავმის გამო. ბრალდებულმა განაცხადა, რომ ძირს დაცემული დავით ჩხატარაშვილი რომ დაინახა, ეგონა მოკლეს. შესაბამისად, აშკარაა, რომ წარმოეშვა რა შურისძიების მოტივი, განახორციელა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით ირაკლი გურაბანიძისა და შოთა შანიძის მიმართ. მის მყარ განზრახვაზე მიუთითებს ასევე ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც შოთა შანიძე და მისი მეგობრები გაიქცნენ, გ. შალამბერიძემ კიდევ განახორციელა მათ მიმართ არაერთი გასროლა ცეცხლსასრლი იარაღიდან“, _ წერია განაჩენში.
გარდა ამისა, განაჩენში აღნიშნულია, რომ შალამბერიძის დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა მართლმსაჯულებას, იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ცოტა ხნის წინ განხორციელდა მისი დეპორტაცია.
საქმის ბუნდოვანი დეტალები _ დაცვის მხარის არგუმენტაცია
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული სასამართლოს კატეგორიული ტონისა, მსჯავრდებულ გიორგი შალამბერიძის ადვოკატს, ლევან ჯავახაძეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილი განაჩენი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ჯავახაძე „გურია ნიუსთან“ დეტალურად აღწერს საქმის გამოძიებისა და სასამართლოში წარმართვის ნაკლოვან მხარეებს და ამბობს, რომ არც მოწმეთა ჩვენებები, არც მოკვლეული მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი არ იყო.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს მოწმეების – შოთა შანიძისა და გიორგი მორჩილაძის ჩვენებებზე და აცხადებს, რომ არც ამ უკანასკნელთა ჩვენებები გამოირჩეოდა სანდოობისა და უტყუარობის მაღალი ხარისხით და არც ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებიც იყო საკმარისად კატეგორიული და ამომწურავი.
„ შოთა შანიძე – ბრალდების მხარის ოქროს მოწმე, როგორც იგი მოსამართლემ შეაფასა, არის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამადაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირი, რომელიც მსჯავრდებულია ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისათვის ჩადენილ დანაშაულში. შოთა შანიძემ სასამართლოს კატეგორიულად განუცხადა, რომ ირაკლი გურაბანიძე სწორედ გიორგი შალამბერიძემ მოკლა და სხვა არავინ. ხოლო კითხვაზე, თუ რატომ დუმდა იგი 10 წლის განმავლობაში, ან რატომ არ განუცხადა აღნიშნული შესახებ გამოძიებას 2006 წელს, როდესაც იგი მოწმის სახით დაიკითხა განსახილველ საქმეზე, შანიძემ განმარტა, რომ 2006 წელს არასრულწლოვანი იყო და ადვოკატმა რაც უთხრა ის დაწერა, ხოლო 10 წლიანი დუმილი ახსნა იმით, რომ მას ეს დრო რაღაც საკითხების გადაფასებისთვის დაჭირდა და ასევე იმიტომ რომ იმ დროს გ. შალამბერიძეს გავლენიანი ნათესავები ჰყავდა და აზრი არ ჰქონდა თანამშრომლობასო…“, _ აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, სასამართლომ საერთოდ საეჭვოდ არ მიიჩნია შანიძის ამგვარი განმარტება და უფრო მეტიც, მან განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შესაფასებლად არ შეიძლება აპელირება მოხდეს მის წარსულზე და იმ გარემოეებაზე, რომ მან 10 წლის შემდეგ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ვინაიდან კანონით არ არის დადგენილი მოწმის გამოძიებასთან თანამშრომლობის ხანდაზმულობს ვადა.
„სასამართლომ ასევე მიუთითა რომ შანიძის ჩვენების სანდოობა იმიტომ არ შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთო, რომ მას თანამშრომლობის სანაცვლოდ, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი იმუნიტეტი და შეღავათი არ მიუღიაო. აღნიშნულის საპირწონედ მინდა განვაცხადო შემდეგი – სასამართლოს, შანიძის ჩვენება უნდა შეეფასებინა არა მხოლოდ მისი თანმიმდევრულობით, კატეგორიულობით, მოწმის მახსოვრობის უნარითა და ფაქტების აღდგენის უნარის თვალსაზრისით, არამედ იმ კუთხითაც, თუ რა მტკიცებულებები იქნა 10 წლის შემდეგ მოწმის ჩვენების გარდა საქმეზე მოპოვებული და არსებობს თუ არა თანხვედრა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებსა და მოწმის ჩვენებას შორის.
სასამართლოს მხრიდან ასეთი მიდგომა ზემოთ აღნიშნული საკითხის მიმართ, ერთგვარ წაქეზებადაც შეიძლება იქცეს იმ ადამიანთათვის ვისაც ოდესმე სხვის ხარჯზე საკუთარი სიკეთის მიღების სურვილი გასჩენია. ამ ლოგიკით ათეული წლების გასვლის შემდეგ შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდებათ და განაცხადებენ რომ ისინი არიან წლების წინ მომხდარი დანაშაულის თვითმხილველები ან ამ დანაშაულით დაზარალებულები“, _ ამბობს ჯავახაძე და დასძენს: მათი ჩვენებების თუ ინფორმაციების უაპელაციოდ მიღება, მაშინ როდესაც არ არსებობს სხვა თანმხვედრი რამოდენიმე უტყუარი მტკიცებულება, ან არსებობს ამ ინფორმაციის გამომრიცხავი არაერთი სანდო და სარწმუნო მტკიცებულება, ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნე ამგვარი ინფორმაციის საფუძველზე ათობით უდანაშაულო ადამიანის დასჯა იქნება შესაძლებელი.
„_ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა შანიძემ მიიღო თუ არა იმ დროისთვის რაიმე სახის შეღავათი ან იმუნიტეტი, არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ იგი ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ მომავალში მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის სიკეთეს, აქედან გამომდინარე სასამართლოს მხრიდან ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, უაპელაციოდ შანიძის ჩვენების გაზიარება, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლებოდა. ასევე ყურადღება უნდა მიექცია სასამართლოს, იმ ფაქტისთვის რომ შანიძის მიმართ არაერთხელ არის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნული, აღნიშნულზე თვითონ განუცხადა სასამართლოს შანიძემ და დასძინა – მერე რა, შეურაცხადი რომ ვყოფილიყავი აქ ვინ მომიყვანდაო. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის არცერთი მხარის მიერ არ იქნა მტკიცებულებითი სახით შანიძის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები, ან შესაბამისი სამედიცინო ცნობები წარდგენილი, სასამართლოს სხვა გარემოებებთან ერთად, სანდოობის და უტყუარობის შეფასების დროს მხედველობაში უნდა მიეღო ზემოაღნიშნული ფაქტი“, _ აღნიშნავს ჯავახაძე გურია ნიუსთან“ საუბრისას.
გარდა ამისა, გიორგი შალამბერიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მორჩილაძის, ისევე როგორც შანიძის მიმართ, დაცვის მხარეს ანალოგიური პოზიცია აქვს.
„ მისი ჩვენების გაზიარება სასამართლოს მხრიდან, ასე პირდაპირ და უაპელაციოდ, ყოვლად დაუშვებელი იყო. ამავე დროს, განსხვავებით შანიძისგან, გ. მორჩილაძე ამ საქმეზე 2015 წლამდე დაკითხულიც კი არ არის, უფრო მეტიც – იმ დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მორჩილაძის ამ კონფლიქტში მონაწილეობაც კი არ არის დადგენილი და შესაბამისად მისი მოწმის სახით დაკითხვის მიზნით არაფერია გაკეთებული. სად იყო მორჩილაძე 2015 წლამდე? ამ კითხვაზე მოწმეს, მსგავსად შანიძისა შემდეგი პასუხი აქვს – რომ იმ პერიოდში შალამბერიძეს გავლენიანი ნათესავები ჰყავდა და ასევე ის რომ იგი 2015 წლამდე არავის დაუბარებია დაკითხვაზე და თავისი ინიციატივით ხომ არ მივიდოდა?! ასევე საგულისხმო და დადგენილია ის ფაქტი, რომ ე.წ. გამოძიებასთან თანამშრომლობის პერიოდში (2015 წელს) შანიძე და მორჩილაძე ერთად იხდიდნენ სასჯელს # 8-ე დაწესებულებაში და გარკვეული პერიოდი ერთ საკანშიც კი ისხდნენ. შესაბამისად მათ გამოძიებასთან თანამშრომლობის „სურვილიც“ ერთად გაუჩნდათ და ჯერ (04 მაისს) შანიძე აძლევს მამხილებელ ჩვენებას შალამბერიძის წინააღმდეგ და შემდეგ (20 მაისს) კი გიორგი მორჩილაძე. აღნიშნული გარემოება შეიძლება საეჭვოდ არ გაეხადა სასამართლოს, რომ არა მათ მიერ 2015 წლის 01 სექტემბერს მიცემული ჩვენებები, რომლებიც თითქმის ერთდროულად არის მოწმეებისგან მიღებული (16 დან 18 საათის შუალედში) და რომლებიც შინაარსით აბსოლუტურად ერთი და იგივე ხასიათისაა. ასევე საერთოდ არ დაინტერესებულა სასამართლო და შესაბამისად საეჭვოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 10 წლის შემდეგ რამ აიძულა (ან რამ განაპირობა) მოწმე, მამხილებელი ჩვენება მიეცა გამოძიებისთვის, ვინაიდან ის გარემოებები რაც მან დუმილის მიზეზად მიუთითა კარგა ხნის აღმოფხვრილი იყო?!“ _ აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე: მოდის თუ არა ხსენებული ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრაში და შეიძლებოდა თუ არა ამ ჩვენებათა ხარჯზე სხვა ჩვენებათა და მტკიცებულებათა დისკრედიტაცია?! _ ადვოკატი გვპასუხობს:
„დავიწყოთ იქიდან, რომ 2006 წელს, ანუ დანაშაულის ცხელ კვალზე, დაკითხულია მხოლოდ შოთა შანიძე, რომელიც მიუთითებს, რომ „პიროვნება, რომლის სახე ვერ დავინახე, დაახლოებით 1,5მეტრში იდგა ჩემგან, მიმიზნებდა და ისროლა, ამის შემდეგ მე გავიქეცი ცენტრალური ქუჩის მხარეს, სადარბაზოდან მარცხენა მიმართულებით, ჩემთან ერთად მირბოდა გიორგიც, ხოლო ირაკლი და ჩვენთან ერთად მყოფი პიროვნება სად იყო არ ვიცი…“ სასამართლოზე შოთა შანიძემ აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება მისცა და დაადასტურა მის მიერ 2015 წლის 4 მაისს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რა დროსაც მან განაცხადა, რომ კამათის დროს მან ხელი დაარტყა ჩხატარაშვილს, რა დროსაც იგი წაიქცა, ამის შემდეგ შალამბერიძემ დაიწია ორი ნაბიჯით უკან და დამიზნებით ისროლა მისი და გურაბანიძის მიმართულებით… ამ დროს მათ შორის მანძილი დაახლოებით 4-5მეტრი იქნებოდა… პირველი გასროლის შემდეგ იგი გაიქცა, მერე მიტრიალდა და დაინახა რომ გურაბანიძე მი უკან მორბოდა… კიდევ იყო რამოდენიმე გასროლა…“,_აღნიშნავს ჯავახაძე.
გარდა ამისა, ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული (და სხვა) ჩვენებები ექსპერტიზის დასკვნების გარეშე ვერ შეიძენდნენ მტკიცებულებით წონას , რითაც უნდა დადგენილიყო სამი ძირითადი ფაქტორი – რამ გამოიწვია ირაკლი გურაბანიძის გარდაცვალება, რა მანძილიდან იყო გასროლა ნაწარმოები და რა ტრაექტორიით მიიღო ჭრილობა ირაკლი გურაბანიძემ.
„თუმცა, არცერთი ექსპერტიზის მიერ უტყუარად არ არის დადგენილი, გურაბანიძე ახლო მანძილიდან გასროლით არის გარდაცვლილი თუ შორი მანძილიდან. 2016 წლამდე ჩატარებული ყველა ექსპერტიზის პასუხში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი, რომ გურაბანიძე შორი მანძილიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. განმეორებით, 2016 წელს დანიშნული ექსპერტიზით კი ვერ მოხერხდა გასროლის მანძილის დადგენა, რადგან საკვლევი მასალა გამოუსადეგარი იყო.
სავარაუდო და ბუნდოვანი დასკვნების საპირწონედ დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოადგინა სასამართლო სამედიცინო და კრიმინალისტურ ბალისტიკური კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რის მიხედვითაც, ვინაიდან გურაბანიძის გვამს აღნიშნება ისეთი კვალი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ახლო მანძილიდან გასროლის შემთხვევაში. ირაკლი გურაბანიძის მიმართ გასროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან (არაუმეტეს 15–20 სმ). ზემოთ მითითებული ფაქტორები, რომ ერთერთი შემადგენელი და დამახასიათებელი ფაქტორებია ახლო მანძილიდან გასროლის შემთხვევაში, ეს გარემოება ბრალდების მხარის მოწმემ, ექსპერტმა ა. ზანკალიანმაც დაადასტურა. თუმცა, სასამართლოს მიერ სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ექსპერტთა ჩვენებები, რომელთა პოზიცია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, საკმაოდ მყარი და დამაჯერებელი იყო განსხვავებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმე ექსპერტებისგან“, _ აცხადებს ჯავახაძე.
რაც შეეხება მესამე გარემოებას, რაც სასამართლომ ერთერთ საფუძვლად დაუდო გიორგი შალამბერიძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მოწმე შოთა შანიძისა და გიორგი შარაბიძის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველ 2016 წლის 28 მარტის ფონოსკოპიურ ექსპერტიზის დასკვნას ეფუძნება, ადვოკატი ლევან ჯავახაძე აღნიშნავს:
„ხსენებული დასკვნა ჩატარებულია ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაციისა და თანდართული CD დისკების დაუშვებლობის შუამდგომლობა დაცვის მხარემ ჯერ კიდევ წინასასამართლო სხდომაზე დააყენა, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ, მოწმის სახით სასამართლო პროცესზე მოწვეულ არ იქნენ ამ ინფორმაციის და მტკიცებულების შემდენი პირები. სასამართლოს მიერ შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, სასამართლო პროცესზე დაიკითხებოდნენ სატელეფონო კომუნიკაციაში მონაწილე პირები, რომლებიც დაადასტურებდნენ მოწოდებული ინფორმაციის სისწორესა და ავთენტურობას. როგორც მოგეხსენებათ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე დაკითხულ იქნა მხოლოდ ერთი მხარე – შოთა შანიძე, ხოლო მეორე მხარე – გიორგი შარაბიძე ბრალდების მხარეს არ მოუწვევია და შესაბამისად მის მიერ სატელეფონო საუბრის შინაარსის დადასტურება ან უარყოფა ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე ამ მტკიცებულების გაზიარება სასამართლოს მხრიდან , სრულიად უკანონოდ მიგვაჩნია, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა, მის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი კომუნიკაციის მეორე მხარის წარმოდგენა, რაც ვფიქრობთ, რომ ხსენებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველია. ასევე უნდა აღინიშნოს ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის მეორე საფუძველიც – სასამართლოზე გამოკვლეული CD დისკები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა დაულუქავ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც 2016 წლის 28 მარტის ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტიზის ბიუროდან, ბრალდების მხარეს გადაეგზავნა 2 ცალ დალუქულ კომპაქტ დისკთან ერთად. დაცვის მხარის მიერ, აღნიშნულ საკითხზე, გაკეთებულ იქნა შესაბამისი რეაგირება და დასმული იქნა ლოგიკური შეკითხვა – ვინ გახსნა დალუქული კომპაქტ დისკები, ან თუ არსებობს რაიმე ოქმი მისი გახსნის შესახებ? – აღნიშნულზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არანაირი ოქმი ლუქის გახსნაზე არ არსებობს და უფრო მეტიც კანონი ჩვენ არ გვავალდებულებს, რომ ამ სახის მტკიცებულება დალუქული სახით წარმოვადგინეთ სასამართლოშიო?! სასამართლომ თავის განაჩენით ბრალდების მხარეს დაუკანონა, ზემოთაღნიშნული უკანონო განცხადება და განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ წარმოდგენილი კომპაქტ დისკები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, არის მხოლოდ ელექტრონული ინფორმაციის გადამტანი ობიექტი და შესაბამისად არ არსებობს მისი დალუქვის კანონისმიერი ვალდებულება“, _ ამბობს ადვოკატი.
ჯავახაძე განმარტავს: „სასამართლომ დაცვის მხარის მიერ მოწვეული მოწმის ნოდარ ჭუმბურიძისა და ასევე ბრალდების მხარის მოწმის (შემდეგ იგი ჩვენი მოთხოვნით დაიკითხა) ალექსანდრე წინწკალაძის ჩვენებები იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ სასამართლოს განმარტებით, ხსენებული მოწმეები, განსხვავებით შ. შანიძისგან, თავის დროზე მსჯავრდებულები არიან დანაშაულის დაფარვისა და ხულიგნობის ფაქტზე, რაც თავის მხრივ მათი ჩვენებების არასანდოობაზე მეტყველებსო. აღნიშნული განმარტება კომენტარსაც კი არ საჭიროებს, მაგრამ ორი სიტყვით მინდა მოგახსენოთ, რომ განსხვავებით შანიძისგან, აქ მითითებულმა მოწმეებმა აბსოლუტური სიზუსტით აღწერეს და დაადასტურეს მათ მიერ 2005–2006 წლებში მიცემული ჩვენებები, მათი კონკრეტულ დანაშაულში ბრალდება და შემდეგ მსჯავრდება მოხდა, გამოძიების ინტერესებიდან – გაეხსნათ ირაკლი გურაბანიძის მკვლელობა (არ დაგვავიწყდეს, რომ ანალოგიური ბრალდებით, მაშინ შოთა შანიძეც იყო დაკავებული), მოწმეებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ მათი მხრიდან საპროცესო შეთანხმებაზე ხელმოწერა იყო იძულებითი ხასიათის, ვინაიდან სხვა გზა არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ რამოდენიმე წლით პატიმრობა ელოდათ. ასეც რომ არ ყოფილიყო, სასამართლოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ მოწმეები 11 წლის წინ, არასრულწლოვნობის პერიოდში, დანაშაულის დაფარვაზე იყვნენ მსჯავრდებულები და ამიტომ მათ ჩვენებებს ვარ გავიზიარებო, ყოვლად უსაფუძვლო და უკანონოა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ჭუმბურიძისა და წინწკალაძის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა, მათი ამჟამინდელი სოციალური სტატუსი. მათი წარსული, თუ არ ჩავთვლით სასამართლოს მიერ მითითებულ, მათ მიმართ გამოტანილ განაჩენებს, არაფრითაა შებღალული, ისინი დღეის მდგომარეობით დასაქმებულნი არიან საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და აქტიურად არიან ჩაბმული სოციალურ აქტივობებში. შესაბამისად სასამართლოს მსჯელობა – შ. შანიძე უფრო სანდო პიროვნებაა, ვიდრე ჭუმბურიძე და წინწკალაძეო, ყოვლად უსაფუძვლო და ალოგიკურია“, _ აღნიშნა ჯავახაძემ.
რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს თავის განაჩენში პრაქტიკულად არ უმსჯელია, გიორგი შალამბერიძის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში აპირებს ისაუბროს.
გარდა ამისა, ჯავახაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას დარწმუნებით ამბობს, რომ „შანიძისა და მორჩილაძის მიერ აღწერილ გარემოებაში, გ. შალამბერიძე ვერ მოკლავდა გურაბანიძეს, ვინაიდან ყველანაირი ლოგიკით (სამართლებრივი და არასამართლებრივი) სასამართლოზე დადასტურებულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული ის ფაქტი რომ, პირველი გასროლის შემდეგ გ. შალამბერიძე, რომელსაც ხელით ეკავა დაჭრილი ჩხატარაშვილი, მაშინვე შემოვიდა სადარბაზოში, ყვირილით „ ბიჭებო არ გამოხვიდეთ, გვესვრიანო…“
„აქედან გამომდინარე, როგორც შანიძე და მორჩილაძე აღწერენ, შალამბერიძემ გასროლები გარაჟის სიღრმიდან აწარმოაო და მანძილი სადარბაზომდე 10–15 მეტრი იყოო, წარმოუდგენელია 1–2 წამის ინტერვალით, შალამბერიძე სადარბაზოში შემოსულიყო. ასევე ყურადღება არ მიაქცია სასამართლომ, ჩხატარაშვილის დაჭრის ფაქტს და არ იმსჯელა იმ კონტექსტში, თუ რატომ მალავენ შანიძე და მორჩილაძე აღნიშნულს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს დანაშაულის იარაღი, არ არსებობს არც მასრა და არც ჭურვი, არ არსებობს შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიმუშები, არ არსებობს გურაბანიძის სისხლის კვალის ნიმუში – არც შემთხვევის ადგილიდან და არც პეკინის გამზირიდან, სადაც ის დაეცა. საქმეზე არ არის დაკითხული სხვა ვინმე ნეიტრალური მოწმე, რომლებიც სულ მცირე გასროლების რაოდენობას მაინც დააფიქსირებდნენ, რითაც შესაძლებელი იქნებოდა უფრო სწორად შეგვეფასებინა მოწმეთა სანდოობა და უფრო ფუნდამენტურად შეგვესწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები“, _ აცხადებს ჯავახაძე.
„გურია ნიუსი“ აგრძელებს საქმის მასალების შესწავლას და მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
ექსკლუზივი – არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან
რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა
ექსკლუზივი – რატომ შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულს
მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)