მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, – ასე შეაფასა “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას განცხადება, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე „გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის“.
„ეს შეფასების საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. მან თქვა, რომ ობიექტური იქნებოდა ამაზე მსჯელობა და სრულიად ლოგიკური არის ამ საკითხზეც სამართლებრივი პოლემიკის წარმოებაო“, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
როგორც მან განმარტა, ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება საკითხის შეფასება, თუ რა შეღავათი შეიძლება ჰქონდეთ.
„თქვენ ხედავთ ბრალდების მხარის მიდგომებს, პირები, ვინც აღიარებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და შემდგომში უდავოდ ხდიან მტკიცებულებებს, მათზე სამართლებრივი შეღავათები ვრცელდება. ამ შემთხვევაში, ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება კონკრეტული საკითხის შეფასება. თუ ბრალდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მათმა ადვოკატებმა სამართლებრივი ფორმა ძალიან კარგად იციან, როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს მიმართონ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, მან ბაჩო ახალაიას საქმეზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ბაჩო ახალაიას მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. გამოძიებას აქვს დაახლოებით 2 თვიანი ვადა, ვიდრე სასამართლოში საქმე წარიმართება. შესაბამისად, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს“,-განაცხადა პროკურორმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა ჩანაწერი, რაც დაადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიას კავშირი ჰქონდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან, თამარ ბეჟუაშვილმა უპასუხა, რომ „ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს.
„დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს საქმის განხილვა. მტკიცებულებებიც გასაიდუმლოებული და ძალიან საინტერესო არის. თქვენს ჟურნალისტებს საიდან ჩაუვარდათ ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები? ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და შესაბამისად, საქმეზე არსებული მასალები საიდუმლოა მათი შინაარსის გათვალისწინებით. მტკიცებულებები არ დაიმალება და საბოლოოდ, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ცნობილი გახდება. სასამართლო პროცესს აქვს გარკვეული დათქმები, რის გამოც შესაძლებელია მტკიცებულებები იყოს გასაიდუმლოებული და დახურულ რეჟიმში წარიმართოს სასამართლო პროცესი. ამ ეტაპზე ამ რეჟიმში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი“,-განაცხადა პროკურორმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა სტატუსი აქვს ამ საქმეში ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს, პროკურორმა უპასუხა, რომ ანი ნადარეიშვილმა დაკავებისთანავე ბრალდებულის სტატუსი შეიძინა, მაგრამ შემდეგ გათავისუფლდა.
„ბრალდებულის სტატუსს ადამიანი იღებს დაკავების დროსაც და მათ შორის, ბრალის წარდგენის დროსაც. პირს ბრალდება არ წარდგენია ამ ვადაში და იგი დაკავებიდან გათავისუფლდა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს აქვს ახლა გარკვეული ვადა“,– განაცხადა პროკურორმა. დამაზუსტებელო კითხვაზე, აანონსებს თუ არა პროკურატურა, რომ ანი ნადარეიშვილს ბრალს წაუყენებს, პროკურორმა განმარტა, რომ უწყება „ჯერჯერობით არაფერს არ აანონსებს“.

































































