პრომეთეს მღვიმეში საგამოფენო დარბაზი მოეწყო. როგორც ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ განუცხადა, საგამოფენო დარბაზის გახსნა,როგორც მღვიმის ვიზიტორებს, ასევე ახალგაზრდებს, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გაცნობაში დაეხმარება.
„პრომეთეს მღვიმეში გავხსენით საგამოფენო დარბაზი. ეს არის სრულიად ახალი, ინტერაქტიული და საინტერესო სივრცე, სადაც საშუალება ექნებათ არა მარტო პრომეთეს მღვიმის ვიზიტორებს, არამედ მოსწავლე-ახალგაზრდებს, გაეცნონ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას, კონკრეტულად, იმერეთის მღვიმეებს. ეს უკვე მესამე ვიზიტორთა ცენტრია, რომელსაც ეროვნული მუზეუმის დახმარებით ვხსნით. ცენტრი დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი პოპულარობა შევძინოთ დაცულ ტერიტორიებს“ ,_განაცხადა გრიგალავამ.
პრომეთეს მღვიმეში საგამოფენო დარბაზის გახსნას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებელი, გიორგი ტყამლაძეც დაესწრო, რომელიც მღვიმეს აღმოჩენის დღიდან იცავდა.
„აღმოჩენის დღიდან აქ ვმუშაობ. თითქმის 27 წელი უსასყიდლოდ ვმუშაობდი. ხელფასს მაშინ მიხდიდნენ, როცა ამის საშუალება ჰქონდათ. ტურისტები საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მღვიმეს ხშირად სტუმრობენ“, _ამბობს ის.
როგორც შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ განაცხადა, საქართველოში დღეს 88 სახეობის დაცული ტერიტორიაა, მომავალში კი სხვადასხვა ობიექტების განვითარება იგეგმება.
სტატისტიკის მიხედვით, წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
„ამ წლის 9 თვის მონაცემებით 33 %-ით მეტი ვიზიტორი გვყავს, ვიდრე გასულ წელს. წლის ბოლომდე მონაცემები კიდევ შეიცვლება. ზრდა არის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზოტორებს შორის. ასევე გამოიკვეთა მოწინავე დაცული ტერიტორიები, სადაც პირველ ადგილზე პრომეთეს მღვიმეა. მას დაახლოებით 158 000 ვიზიტორი ესტუმრა“, _ განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, დაცული ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას წვლილი შეაქვს ტურიზმის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
„დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად იმერეთის მღვიმეების მიმდებარედ გაიხსნა 17 საოჯახო სასტუმრო, კვების ობიექტები. კერძო სექტორში კი 850 ადამიანია დასაქმებული“, _განაცხადა მან.