პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო „პროფესიული განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც, დგინდება კოლეჯის დირექტორის დამტკიცების საფუძველი.
ცვლილების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაამტკიცებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის დამტკიცების სტანდარტს და შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს.
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორები, დაინიშნებიან 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე.
ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილი იქნება სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.