საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქცია euronews-ის ყურადღების ცენტრშია.
როგორც გამოცემა წერს, თბილისში ათასობით ადამიანი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებს. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, ასევე ძალადობას მიმართა ჟურნალისტების მიმართ.
საქართველოში საპროტესტო აქციები მე-13 დღეა, მიუხედავად დაკავებებისა და ფიზიკური თავდასხმებისა აქტივისტებსა და ოპოზიციონერ მოღვაწეებზე გრძელდება.
აქციის მონაწილეები თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ და ქუჩა გადაკეტეს.
ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დარბევის ფონზე პოლიციამ სულ უფრო მეტი ადამიანი დააკავა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა პარლამენტის კონტროლი 26 ოქტომბრის სადავო არჩევნებში, კენჭისყრა ფართოდ განიხილება, როგორც რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესახებ.
ოპოზიციამ და პროდასავლურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია მეზობელი რუსეთის დახმარებით კენჭისყრის გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.
ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებმა ახალი იმპულსი მოიპოვა გასულ ხუთშაბათს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
ამ დროისთვის დაკავებულია 300-ზე მეტი მომიტინგე და 100-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.
2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თბილისმა ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანება. მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მომდევნო წლის დეკემბერში მიანიჭეს, რასაც თბილისის ქუჩებში ზეიმობდა მრავალი ქართველი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ აქციას ამ უსამართლობის წინააღმდეგ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.