„ფსკერის სახარება“ _ ასე ეწოდება ივა ფეზუაშვილის ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც წიგნების მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ შედგა.
როგორც წიგნის წარდგენისას გამომცემლობა „არტანუჯის“ მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ აღნიშნა, მთელი ტექსტი ბიბლიური სლენგით არის დაწერილი, რომელიც ხელოვნურობას არ იძენს. ავტორმა კი თბილისის მიწისქვეშეთში ჩასვლითა და იმ პერსონაჟების ამოყვანით, რომლებსაც მკითხველი შესაძლოა იცნობდეს ან არ იცნობდეს, საკმაოდ სახიფათო მიზანი დაუსახა თავს.
„საკმაოდ სახიფათო მიზანი დაუსახა ივა ფეზუაშვილმა საკუთარ თავს, რომ თბილისის მიწისქვეშეთში ჩასულიყო და ის პერსონაჟები ამოეყვანა, რომლებსაც შეიძლება ნაწილობრივ ვიცნობდეთ ან არ ვიცნობდეთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ივა ფეზუაშვილმა სრულიად განსხვავებული კუთხით დაგვანახა ისინი. ამ ამბების მთავარი ლოკომოტივი არის ენა. მთელი ტექსტი არის ბიბლიური სლენგით დაწერილი, ოღონდ ეს არსად არ იჩენს ხელოვნურობის შეგრძნებას“,_ ამბობს კვარაცხელია.
ივა ფეზუაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ რომანის დაწერის ამბიცია არასდროს ჰქონია. ტელევიზიაში სერიალებზე მუშაობის დროს თავში არაერთი იდეა მოსდიოდა, თუმცა, სერიალის ტექსტთან შედარებით, მოთხრობა, რომანი, გაცილებით მეტს ითხოვს.
„ვმუშაობდი ტელევიზიაში სერიალებზე და ძალიან ბევრი ჩემი იდეა წავიდა იმ მიმართულებით, რომ ამისგან რა კარგი სერიალი გამოვიდოდა. აქამდე არასდროს მქონია რომანის დაწერის ამბიცია. ის იდეა რაც შეიძლება სერიალს მოერგოს მოთხრობას არ ერგება, რადგან უფრო მეტ გვერდს, უფრო მეტ ხაზს, უფრო მეტ სიუჟეტს ითხოვს. აქედან მივედი ნოველამდე, რომანი ცოტა ხმამაღალი სიტყვაა“, _ამბობს ფეზუაშვილი.
ავტორი მიიჩნევს, რომ ქალაქის დახურული ადგილები, სადაც ბევრს შესვლის უფლება, დღესდღეობით, არ აქვს, ოდესმე თავის მითოლოგიას დაბადებს.
„გაგივლიათ სტრიპტიზკლუბებთან და როგორი რაღაცაა, რომ არსებობს ქალაქში რაღაც, სადაც შესვლის უფლება არ გაქვს. როგორი ფსკერია. მართლა მჯერა იმის, რომ ეს ადგილები, რომლებიც ახლა დახურულია, დაბადებს თავის მითოლოგიას. ცოტა დავასწარი და იქნებ მე შევუწყო ხელი“, _ამბობს ფეზუაშვილი.
ივა ფეზუაშვილის თქმით, წიგნი, დაახლოებით, ნახევარ წელში დაწერა, თუმცა, გაცილებით მეტი დრო ფიქრს და მუშაობის პროცესს დასჭირდა.
„წერა თბილისში, ამერიკაში წასვლამდე დავიწყე. მაქსიმუმ, ნახევარი წელი ვწერდი, მაგრამ მუშაობის პროცესი იყო რამდენიმე წელი. მე ბევრს ვფიქრობ და მერე უცბად და ცოტას ვწერ. რამდენიმე წელი ამ ყველაფერზე ფიქრი მიდიოდა“, _ამბობს ფეზუაშვილი.
წიგნის წარსადგენ ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას „ფსკერის სახარებადან“ ფრაგმენტი მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა და ნუცა მესტუმრიშვილმა წაუკითხეს.