კრემლის განცხადებით, 30 სექტემბერს 15:00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. ხელმოწერა პუტინისა და უკრაინის 4 რეგიონის, ე.წ. ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ. ინფორმაციას РИА Новости-ი Telegram-ზე ავრცელებს.
,,ხვალ გეორგიევსკის დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა”. – წერია განცხადებაში.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ინფრომაციით, ხელშეკრულებები გაფორმდება ოთხივე ტერიტორიასთან, რომლებშიც ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა.
პესკოვს მედიასთან არ დაუკონკრეტებია ხვალ მოსკოვში დაგეგმილ მიტინგს პუტინი დაესწრება თუ არა. კონცერტ-მიტინგზე ე.წ რეფერენდუმბის შედეგებს დაუჭერენ მხარს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “რუსეთთან შეერთებას” იზეიმებენ.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს უკრაინის ოკუპირებულ 4 რეგიონში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში “რუსეთთან შეერთების” ფსევდორეფერენდუმები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა. კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა “რუსეთთან შეერთებას”. ამ “რეფერენდუმებს” დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს.
ამ ეტაპზე “ხმების” 100% დაითვალეს ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ინფორმაციით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა 98.42%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ხერსონში კი 87.05%-მა. რაც შეეხება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას, ამ დრომდე დათვლილია “ხმების” მხოლოდ 57%, რომელთა 94.75% “მხარს უჭერს” რუსეთთან შეერთებას.
ავტორი