რამდენიმე დღის წინ ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი BBC-ის ჟურნალისტს ესაუბრა. ინტერვიუს ერთი ნაწილი რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლასა და ამ მოვლენაში რუსული ინტელიგენციის ბრალეულობას დაეთმო.
„პუტინის აღზევების გამო დანაშაულისა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. მხოლოდ საკუთარ თავზე არ მოგახსენებთ. საუბარი მაქვს ადამიანთა იმ წრეზე, რომელშიც ათეული წლებია ვტრიალებ და ინტელიგენციას ეძახიან.
წინა საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი ტოტალიტარული რეჟიმისაგან ბოლოსა და ბოლოს გათავისუფლდა, მე და ჩემი წრის წარმომადგენლებმა მოღვაწეობა საკუთარ პროფესიულ საქმიანობებში გავაგრძელეთ. მოულოდნელად გაგვიჩნდა საშუალება, რომ საყვარელი საქმიანობა ცენზურისა და აკრძალვების გარეშე გვქონოდა. რუსეთის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ყოველივე ამის შედეგად ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩავუგდეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში ჭუჭყიანი მეთოდების გამოყენებას არ თაკილობდნენ. ქვეყანა მათ დარჩათ და მისი მართვაც დაიწყეს. როდესაც გამოვფხიზლდით და მწარე რეალობის წინაშე აღვმოჩნდით, უკვე დაგვიანებული გახლდათ. რუსეთი ჩვენი სამშობლოა, იქ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ. ჩვენი უყურადღებობითა და პირადი ეგოიზმით პუტინის რუსეთი – „პუტინლენდი“ ჩამოვაყალიბეთ. თავის დროზე პასიურები რომ არ ვყოფილიყავით, დღევანდელი მოცემულობისათვის შეიძლება თავი აგვერიდებინა“, – განაცხადა ბორის აკუნინმა.