ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი კახა ასკურავა საკუთარ ფეისბუქგვერდზე სოფელ ჯურუყვეთში, ფუტკარაძეების ოჯახის პრობლემის ამსახველ კადრებს აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს კედელმორღვეული ფიცრული სახლი, რომელსაც არც სახურავი უვარგა, არც კარ-ფანჯარა და ფაქტობრივად, საცხოვრებლად უვარგისია.
„ეს არის ფუტკარაძეების ოჯახი, სადაც ცხოვრობს დედა მცირეწლოვან შვილთან ერთად. ამ დღეებში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, კიდევ უფრო დაუმძიმა ისედაც უმძიმესი საცხოვრებელი პირობები. როგორც ვიცი, ქარის კიდევ უფრო გაძლიერებას პროგნოზირებენ და რამე ტრაგედია არ დატრიალდეს“- მიმართავს ასკურავა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
როგორც „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში ჯურუყვეთის მაჟორიტარი დეპუტატი, სპარტაკ კვაჭაძე ამბობს, კახა ასკურავას მხრიდან აქცენტის გაკეთება იმის თაობაზე, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ ყავს დატოვებული ზემონახსენები ოჯახი, აბსურდულია. დეპუტატის თქმით, ამ ოჯახის პრობლემის თაობაზე საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამისი დახმარებაც არაერთხელ გაეწია ოჯახს.
„ვიცით ამ ოჯახის პრობლემა და ბევრჯერაც დავეხმარეთ, არც სამომავლოდ ვაპირებთ უყურადღებოდ დატოვებას. სამშენებლო მასალების შესაძენად თანხა გადავეცით, სახლის გადასახური მასალაც მივეცით. სწორედ ჩვენს მიერ გაწეული დახმარებითა და შეძენილი სამშენებლო მასალებით დაწყებულია ახალი სახლის მშენებლობა. ისე, არც შემდგომში ვაპირებთ ამ ოჯახის უყურადღებოდ დატოვებას“-ამბობს ჯურუყვეთის მაჟორიტარი.