ამერიკული სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 50% უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გამოიყურება მათი სახე მაკიაჟის გარეშე. 1292 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ქალბატონიდან 16% დარწმუნებულია, რომ კოსმეტიკის გარეშე შეუხედავად გამოიყურება. გამოკითხულთა 14% კი, მაკიაჟის გარეშე თავს ,,შიშვლად’’ გრძნობს და ამ დროს ქუჩაში გასვლას ერიდება. ქალბატონების თქმით, მაკიაჟი მათ თავდაჯერებულობის შეგრძნებას ჰმატებს.
ორგანიზაციის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 48% დეკორატიულ კოსმეტიკას რეგულარულად მოიხმარს. ამასთან, ქალბატონების 44% ამბობს, რომ მაკიაჟს სახეზე არსებული ნაკლოვანებების დასაფარად იყენებს. რესპონდენტთა მეოთხედმა აღიარა, რომ კოსმეტიკური პროდუქტების მოხმარება 13 წლიდან და უფრო ადრეულ ასაკში დაიწყო.
დერმატოლოგების აზრით, კვლევის შედეგები მოწმობს იმას, რომ საზოგადოებაში კოსმეტიკის გამოყენებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. კვლევის ორგანიზატორი ასოციაცია ღენფრეწ ჩენტერ Fოუნდატიონ-ის წარმომადგენელი ადრიან რესლერი ფიქრობს, რომ თანამედროვე ქალებისთვის, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდათ, კოსმეტიკა თავდაცვის საშუალებად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ტონალური კრემები, რომელიც მაკიაჟის ძირითადი ნაწილია, მრავალ რთულ და ხელოვნურ ინგრედიენტს შეიცავს, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა კანის გაღიზიანება და შემდგომი პრობლემები გამოიწვიოს.
სპეციალისტები კოსმეტიკის მოყვარულ ქალბატონებს ურჩევენ, კოსმეტიკური საშუალებები საკუთარი კანის ტიპის შესაბამისად შეარჩიონ. ყველაზე მარტივი და ბუნებრივი, მინერალური კოსმეტიკური საშუალებებია. მსგავსი პროდუქტები კონსერვანტებს არ შეიცავს და ნებისმიერი კანის ტიპს შეესაბამება.