ჩოხატაურის მერის ბახმაროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, რომან კალანდაძის ინფორმაციით, ბახმაროში ამ წუთებში ძლიერი თოვა ქარიშხალია.
“ისევ თოვს, ძლიერი ქარია. დაბას ამ წუთას არ მიეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ სპეციალისტები მუშაობენ და როგორც გვეუბნებიან, ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება”, _ ამბობს რომან კალანდაძე.
კალანდაძის თქმით, კურორტზე 200-ზე მეტი სტუმარია, თუმცა დახმარების თხოვნით ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციისთვის არავის მიუმართავს.
კითხვაზე _ შესაძლებელია თუ არა გადაადგილება ბახმაროში, რომან კალანდაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილებისგან უმჯობესია თავი შეიკავონ.
“ამ წუთებში მიმდინარეობს ბახმაროსკენ მომავალი გზის გაწმენდა, გზა გაიწმინდება “ლაშემდე”, შემდეგ ბურანის საშუალებით იქნება შესაძლებელი გადაადგილება. თუმცა იმდენაც ცუდი ამინდია ამ დროისთვის, ყველას ვურჩევდი თავი შეიკავონ”, _ ამბობს კალანდაძე.
ამ წუთებში ბახმაროში თოვლის სიმაღლე 1.30 მეტრს აღემატება.
ფოტოები ბახმაროდან მოგვაწოდა “ბახმაროს პიონერებმა”.