2022 წლის 29 ივლისს, ოზურგეთში, კერძოდ შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის ტერიტორიაზე გამართულ ქართული ჩაის ფესტივალს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე, ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი 2) ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი, ასევე, პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩაის მწარმოებელი მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქცია სხვადასხვა რეგიონიდან. ასევე, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული თაფლის, ხილის ჩირის, ღვინისა და კენკრის ნაწარმი.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ჩაის მომზადების მასტერკლასი. საუკეთესო თეთრი ჩაის ტიტული წელს შპს „ანდიტრს“ ერგო (თერჯოლა), საუკეთესო მწვანე და შავი ბაიხის ჩაის _ დავით თენიეშვილს (ოზურგეთი, ბახვი), ხოლო ფესტივალის საუკეთესო ჩაის ტიტული _ “ნარგიზის ჩაის“ (ნარგიზ ღვინჯილია, წალენჯიხა).
ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება გურიაში. მისი მიზანია, დასაქმების ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება, გურიის რეგიონის სამეწარმეო პოტენციალის გაცნობა უფრო ფართო საზოგადოებისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო წრეებში.
„როცა დავგეგმეთ ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი მდგრადი განვითარების სახის პროექტებზე, რომელსაც ჩვენი კომპანია განახორციელებდა როგორც კეთილი ნება და დაუტოვებდა რეგიონს საჩუქრად. ჩავატარეთ მცირე კვლევა და მივხვდით, რომ გურული ჩაის ფენომენი არ უნდ დაკარგულიყო. მას აქვს განვითარების პოტენციალი. კახეთი ხომ ვაზის სამშობლოა, გურია კი თავისუფლად შეიძლება განვითარდეს, როგორც ქართული ჩაის სამშობლო. 2021 წლიდან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად დავიწყეთ ჩაის ასოციაციის გაძლიერება. ერთად ვზრუნავთ ერთის მხრივ როგორც ჩაის ერთიანი სტანდარტის შექმნაზე, ასევე სტუმარ – მასპინძლობის სექტორში, ჩაის, როგორც გამასპინძლების ელემენტის შემოტანა – განვითარებაზე“, _ განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, ბახვი ჰესის დირექტორმა.
ფესტივალის ორგანიზატორი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.