„ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება:
გუშინ, ტელეკომპანია “იმედმა” გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია “გორბის” მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა.
ფაქტია, “ქართული ოცნება” საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს. ასევე, ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე.
ამ კვლევამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების” გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო ხელშესახები წინსვლის მიღწევა. მოსახლეობა ხედავს რამდენად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გზები, წყალმომარაგება, ბუნებრივი აირის მიწოდება, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სოციალურ საჭიროებებზე რეაგირების სისტემები.
ამავე დროს, ეს მხარდაჭერა მიუთითებს, რომ ჩვენმა მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა სწორად შეძლეს მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩვენი მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების გაანალიზება და მათი ასახვა საარჩევნო პროგრამებში.
აღსანიშნავია, რომ ყველა კვლევით „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე აისახება ჩვენი კანდიდატების რეიტინგებში.
ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ „ქართული ოცნება” არის ერთადერთი, საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ენდობა ჩვენს გუნდს და მზად არის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავაც დაუჭიროს მას მხარი.
ამ ფონზე კიდევ უფრო გასაგები ხდება ოპოზიციის და მათი ტელევიზიების მიერ რეალური სურათის დამახინჯების სასოწარკვეთილი მცდელობა კვლევების მანიპულირების და დეზინფორმაციით გაჯერებული სიუჟეტების მეშვეობით. ამის საუკეთესო მაგალითი იყო IPSOS-ის კვლევა, როცა პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოაქცია ჩიხში ელემენტარულმა კითხვებმა დამკვეთიც და შემსრულებელიც.
რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს წარმატების შანსი არ აქვს. ქართველი ხალხი, 2 ოქტომბერს, უკვე მერვედ გააკეთებს სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას” და მის კანდიდატებს.
კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს და მოვუწოდოთ მათ აქტიურობისკენ. 2 ოქტომბერს ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ.
(R)