საქართველოში საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ.
დასავლეთ საქართველოში – საცივი, სამეგრელოში – ელარჯი და ღომი, მესხეთში – ქადები. სადღესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი. სამეგრელოში – გოჭს წვავენ აჯიკითა და მარილ-წყლით, ამზადებენ კუპატებს ღორის შიგნეულობისა და ხორცისგან. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში საშობაო სუფრაზე ხშირად ნახავთ მოხარშული ღორის თავ-ფეხს, ღორის ხორცის მწვადებს და მუჟუჟს. ასევე ტრადიციულია მრგვლად მოხარშული დედალი ნივრიან-ნიგვზიანი საწებლით.
ყველა სუფრაზე შეხვდებით ჩურჩხელებს ან ჯანჯუხებს, თხილეულს და ჩირს. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი.
აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში საშობაოდ ხშირად აცხობენ ქადებს, ზოგან ჩვეულებრივი პურის ცომით, ზოგან ნახევრად ფენოვანით. გულში კარაქში ან ერბოში მოხალულ შაქრიან ფქვილს უდებდნენ.
ფშავში და ხევსურეთში ხინკალს ამზადებენ, სვანეთში კლავენ ხბოს, ღორს, ამზადებენ კუბდარს, ფხლოვანს, ფეტვიან ხაჭაპურებს, ჭვიშტარს, გადაზელილ ყველს.
აჭარაში საშობაოდ ბაქლავას და აჩმას აცხობენ. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.
გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება. ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.
ავტორი